გია ვოლსკი - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა მსოფლიო მნიშვნელობისაა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა მსოფლიო მნიშვნელობის საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა გარდა ამისა, არსებობს სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხები, რომელიც მსოფლიოს, ევროპის ინტერესშია, მათ შორსაა სატრანზიტო დერეფნის თემა.
„უპირველეს ყოვლისა, ხაზგასასმელია, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობების გარდა, რომელიც უკვე წლების განმავლობაში გრძელდება და ძალიან დიდი ხნის ისტორიას ითვლის, არსებობს საგანგებო სტრატეგიული მნიშვნელობის ინტერესები, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას გააჩნია და არამარტო ეკონომიკურ დარგშია ჩვენი ურთიერთინტერესები. მსოფლიოს, ევროპის ინტერესშია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანზიტო დერეფნის თემა იყოს იმ დონეზე აყვანილი, რომ უსაფრთხოებითაც და თავისი მოცულობითაც პასუხობდეს ევროპული ბაზრების მთავარ მოთხოვნას – ეს არის ენერგორესურსებით მომარაგება, ალტერნატიული დერეფნის შექმნა, რომ მხოლოდ ერთ მიმართულებაზე არ იყოს დამოკიდებული, რომელსაც რუსეთი უზრუნველყოფს“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
მისი თქმით, ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეგიონში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტი და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მამუკა ბახტაძის ვიზიტი ბაქოში.
„ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ და აზერბაიჯანს გაგვაჩნია. ამ შემთხვევაში, ევროკავშირი და ევროპის სხვა ქვეყნები მაქვს მხედველობაში. ამ თვალსაზრისით, საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო მერკელის ჩამოსვლა რეგიონში და საგანგებოდ მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კი, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში 23-24 აგვისტოს იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის სომხეთსა და აზერბაიჯანს სტუმრობდა.