გია ვოლსკი - საქართველოს არ ჰყავს პრორუსი ხელმძღვანელობა, საქართველო არის რუსეთის მიერ ჩაგრული და ევროატლანტიკური სტრუქტურების მყარი პარტნიორი
საქართველოს არ ჰყავს პრორუსი ხელმძღვანელობა, საქართველო არის რუსეთის მიერ ჩაგრული და ევროატლანტიკური სტრუქტურების მყარი და მუდმივი პარტნიორი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი აღნიშნული კომენტარით გამოეხმაურა გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენების შესახებ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო: „შეკვეთილი მკვლელობის ფონს წარმოადგენდა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის სახელმწიფოსთან, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან“.
„პროკურატურამ განაცხადა ის, რომ ხანგოშვილი ასე ამბობდაო. როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობა, საელჩო და პირადად ელჩი ამბობს, ხანგოშვილის განცხადება არ შეესაბამება არც პროკურატურის მასალებს და მით უმეტეს, არც ჩვენი პარტნიორი გერმანიის პოლიტიკური ისტებლიშმენტის პოზიციას. ეს არის რეალობა, რომლის შეცვლა არის გარკვეული ძალების ინტერესებში, რაც სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ათასჯერ მოგვიხდება იმაზე პასუხის გაცემა, რასაც ფეიკნიუსი ჰქვია“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებაში ფრაზა „საქართველოს პრორუსული მთავრობა“ ზელიმხან ხანგოშვილის სიტყვებია და არ წარმოადგენს პროკურატურის მოსაზრებას.