გია ვოლსკი - საქართველო არ იმსახურებს დამცირებას, მათ შორის არც სასამართლოში „ვეტინგის“ გამოყენებით
როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და სასამართლომ „ნაცმოძრაობას“, დღეს უკვე კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმედები არ გაუმართლა, მათი დახმარებით რევოლუცია არ მოხდა, დაიწყო სასამართლოზე ორგანიზებული შეტევა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკის განცხადებით, მოქალაქეების დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ რადიკალურად შეიცვალა და ესეც სტატისტიკითაა დამტკიცებული.
მისივე თქმით, ქართული სასამართლო სისტემა საერთაშორისო რეიტინგებით მოწინავე პოზიციებზეა.
„ყველა საერთაშორისო რეიტინგით მნიშვნელოვნად ვუსწრებთ ევროკავშირის და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებსაც კი. აქედან გამომდინარე, არანაირად არ უნდა ჩავთვალოთ, რომ წარწერები აღშფოთებულმა ხალხმა რაღაც მიზნით დაწერა. რაც შეეხება იტალიაში წაყვანას, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და პოლიტიკური დემარში, რომ სასამართლოში არიან თურმე ასეთი მოსამართლეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ „ვეტინგი“ კარგია. შეიძლება, ვიღაცას მართლაც მოსწონდეს ეს სისტემა, მაგრამ როდესაც უკვე ამ აზრის მქონე მოსამართლეებს გარკვეული კარტბლანში ეძლევათ, რომ განცხადებები გააკეთონ და საზღვარგარეთ გარკვეული მიზნებისთვის იარონ, ეს უნდა იყოს განხილული, როგორც პოლიტიკური დემარში. არის, ერთი მხრივ, „ვეტინგის“ მოთხოვნა და, მეორე მხრივ, რეიტინგები. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველოს სასამართლო არა თუ არ იმსახურებს ასეთ დამცირებას, როგორც „ვეტინგია“, არამედ საქართველოს სასამართლო საჩვენებელიც კი არის მთელი რიგი მონაცემებით. 70-80 პუნქტით არის დაწინაურებული 2012 წელთან შედარებით. საქართველო არ იმსახურებს დამცირებას, მათ შორის, არც სასამართლოში „ვეტინგის“ გამოყენებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.