გია ვოლსკი - საპროტესტო აქციებზე საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ხალხს მოუწოდებდნენ, რომ საქართველო რუსეთთან ეკონომიკურ და სამხედრო დაპირისპირებაში შესულიყო
საპროტესტო აქციებზე საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ხალხს მოუწოდებდნენ, რომ საქართველო რუსეთთან ეკონომიკურ და სამხედრო დაპირისპირებაში შესულიყო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ორაზროვნების გარეშე არის მოწოდებები საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვის თაობაზე.
„ის, რომ მეორე ფრონტი უნდოდათ და საომარ მოქმედებებში საქართველოს ჩართვის თაობაზე მოთხოვნა იყო, ამისთვის უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია და, უფრო მეტიც, უკრაინამ ამის გამო საქართველოს ელჩი უკრაინიდან გამოაგდო. ზუსტად ამ თემაზე იყო საუბარი ამ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზეც, როცა საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ხალხს მოუწოდებდნენ, რომ შესაძლებლობების ღია ფანჯრით ესარგებლათ და ოკუპირებული ტერიტორიები დაებრუნებინათ, ასევე, ეკონომიკური სანქციები დაეწესებინათ. ანუ, საქართველო რუსეთთან ეკონომიკურ და სამხედრო დაპირისპირებაში შესულიყო.
რასაკვირველია, საქართველო იმ ალიანსის წევრია, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან ერთად კონკრეტული ამოცანით იბრძოდა, რომ საერთაშორისო ტერორიზმი დაემარცხებინა, მაგრამ იმ ალიანსში ჩვენი სამხედრო მონაწილეობა გამოირიცხება, რადგან ეს საქართველოს დაანგრევს. ეს რომ რუსეთს პრობლემას შეუქმნის, შეიძლება, ეს ჩვენ ვეღარც გავიგოთ, რადგან თავად დავინგრევით. ეს ჩვენი პოზიციაა და „ვაშინგტონ პოსტი“ ამბობს, რომ ჩვენ რაღაც მოვიგონეთ და თითქოს რაღაც ჰაერიდან მოვიტანეთ, მაშინ როცა პირდაპირ, ორაზროვნების გარეშე არის მოწოდებები საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვის თაობაზე“, – აღნიშნა ვოლსკიმ.