გია ვოლსკი - სამწუხაროდ, სვავებად ქცეული პოლიტიკური ძალები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პოლიტიკურად გამოყენებას შეეცდებიან
პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, სამწუხაროდ, სვავებად ქცეული პოლიტიკური ძალები თამარ ბაჩალიაშვილის თემის პოლიტიკურ ასპექტში გამოყენებას შეეცდებიან.
ვოლსკის თქმით, როცა ქვეყანაში მსგავსი რამ ხდება, ოჯახურ ტრაგედიას სცილდება და საქვეყნო ტრაგედიაში გადადის.
გია ვოლსკის განმარტებით, ასეთ დროს გამოძიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნაც ყოველთვის მძაფრდება.
„დარწმუნებული ვარ, გამოძიება არ დააკლებს მცდელობას და პროფესიონალიზმს, მაგრამ სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ სვავებად ქცეული პოლიტიკური ძალები ამ თემის პოლიტიკურად გამოყენებასაც შეეცდებიან. სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში, მაგრამ ის, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს, არ ვიცი, ეს არის უნამუსო ტყუილი და სამწუხაროა, რომ ამ თემებსაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
თამარ ბაჩალიაშვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის სახლიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.