გია ვოლსკი - სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბარი გადაწყვიტეს ადამიანებმა, რომლებსაც საკუთარ პარტიაში ორ-სამ ადამიანზე მეტი ვერ მოუძიებნიათ
საკმაოდ უცნაურია გარემოება, რომ ქართველი ხალხის სახელით, დესტრუქციული სააკაშვილის კლასტერის გერთიანებიდან რამდენიმე პარტია ცდილობს, მთელი მსოფლიო დაარწმუნოს, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა არ გაფუჭდება, პირიქით, გაუმჯობესდება, თუ ერთ სახელმწიფოში ბრალდებული და გასამართლებული ადამიანი მეორე სახელმწიფოში თანამდებობაზე დაინიშნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, საქართველოში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ უკრაინის პრეზიდენტის, უმაღლეს რადასა და უკრაინის მოქალაქეებისადმი მიმართვასთან დაკავშირებით.
ვოლსკის თქმით, ეს სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც აბსურდია.
„მთავარი თემა ისაა, რომ რეფორმებს ეძახიან იმას, რაც 2012 წელს მემკვიდრეობით მივიღეთ – პრაქტიკულად, ნულზე დასული სოციალური პაკეტი, განადგურებული სოფელი, დატერორებული ბიზნესი, ადამიანები და შეწირული სიცოცხლეები, რათა სააკაშვილს თავისი ხელისუფლება გაეძლიერებინა. თუ ამას ვუწოდებთ რეფორმებს, მაშინ ჩვენ მსოფლმხედველობითაც ვერ დავემთხვევით ერთმანეთს და უკვე ძალიან შორს ვართ.
სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბარი გადაწყვიტეს ადამიანებმა, რომლებსაც არა თუ მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში, არამედ საკუთარ პარტიაში ორ-სამ ადამიანზე მეტი ვერ მოუძიებნიათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.