გია ვოლსკი - სამწუხაროა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ნიკა გვარამიას განცხადებაზე ვერ აკეთებენ რეაგირებას
სამწუხაროა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საერთოდ ვერ იღებდნენ ვერაფერზე ხმას, დღეს ნიკა გვარამიას განცხადებაზე ვერ აკეთებენ რეაგირებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„არ არის აქ ლაპარაკი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების თემაზე, აქ არის მთავარი რეაგირების თემა, როდესაც ადამიანთა ჯგუფს და პროპაგანდისტულ მანქანას თემა „უნდა ჩავრეცხოთ“ უფრო მწვავე, ფაშისტური ფორმით შემოაქვს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამას ყურადღებაც უნდა მიაქციონ და მხედველობაშიც მიიღოს, რა ხდება ქვეყანაში და ამას შეფასებაც სჭირდება. სამწუხაროა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებიც საერთოდ ვერ იღებდნენ ვერაფერზე ხმას, დღეს ამაზე ვერ აკეთებენ რეაგირებას”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევის თემა არის მოგონილი.
„შეტევის რა რესურსი გააჩნია პარლამენტის თავმჯდომარეს, იტყვის და დაიხურება არასამთავრობო ორგანიზაციები? შეტევის თემა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არის მოგონილი. ამით ჩვენ პოზიციას გამოვხატავთ და არ ვაპირებთ, რომ თუ რაიმე პოზიცია გვაქვს, საზოგადოებას არ გავუზიაროთ. ამით არასამთავრობო ორგანიზაციებს რეიტინგი არც მოემატებათ, არც დააკლდებათ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქპოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება“.
ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გვარამიას განცხადებას დღემდე არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამოხმაურებიან.
„ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.