გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რეგიონებს შორის მძლავრი კავშირების განვითარება იქნება
სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რეგიონებს შორის მძლავრი კავშირების განვითარება იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ ნინოწმინდაში, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი და მძლავრი კავშირები განავითაროს საქართველოს რეგიონებს შორის. ეს არ ეხება მხოლოდ თბილისს. ეს ეხება აღმოსავლეთს, დასავლეთს, სამხრეთ და ჩრდილოეთ საქართველოს რეგიონებს.
ჩვენ, უფრო კარგად და სიღრმისეულად უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს და ზუსტად იმ სიყვარულით უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები, რა სიყვარულიც გვასწავლეს ჩვენმა მშობლებმა ერთმანეთის მიმართ. ამ სიყვარულით მოდის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ამავე სიყვარულით უნდა დახვდეს ნინოწმინდის და ახალქალაქის მოსახლეობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას ვოლსკიმ მოსახლეობასთან შეხვედრა შეაჯამა.
„პირველივე შეხვედრიდან ნინოწმინდაში ჩანს, რომ მხარდაჭერა საკმაოდ თვალნათელია და ქალბატონი სალომეს შეპირებები ინტეგრაციასთან დაკავშირებით, უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით იქნება ქმედითი. ეს ყველაფერი ძალიან კარგად გაიგო ამომრჩეველმა – თქვენ მოწმეები იყავით ამ თბილი შეხვედრისა და ტაშის“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.