გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილის მხრიდან „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადებას გამართლება არ აქვს, ეს მავნებლური გადაწყვეტილებაა
გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილის მხრიდან „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადებას გამართლება არ აქვს, ეს მავნებლური გადაწყვეტილებაა

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადებას გამართლება არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება მავნებლურია.

„ფაქტია, სალომე ზურაბიშვილი იმავე პოზიციასა და პლატფორმაზე დგას, რაზედაც რადიკალური ოპოზიცია, იგივე რევოლუციური კომიტეტი. სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად და შესანიშნავად იცის, რომ არ შეიძლება ცესკო-ს თავმჯდომარე და მოადგილე პოლიტიკური ლიდერები იყვნენ. მან შესანიშნავად იცის ისიც, რომ გიორგი კალანდარიშვილს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს იმ კანდიდატთა შორის, რომლებმაც კონკურსი გაიარეს. ისიც იცის, რომ არასამთავრობოებმა საბოტაჟი გამოუცხადეს, როდესაც შესარჩევი კომისია მუშაობდა. მისთვის ყველაფერი ნათელია, აქედან გამომდინარე, გამართლება არ აქვს კანონპროექტზე ვეტოს დადებას იმ მიზნით, რომ მოგვიწოდებს, რადიკალურ ოპოზიციასთან შევთანხმდეთ, რომელსაც აბსოლუტურად სხვა იდეა ამოძრავებს. მოქმედი კანონმდებლობით, მათ გარეშე ცესკო-ში ვერავინ იქნება არჩეული და გამოდის, ცესკო საბოტაჟით განთქმულ პოლიტიკურ სუბიექტს უნდა გადავაბაროთ. პრეზიდენტი ამას უჭერს მხარს. ეს მისი პირადი საკითხია, არ ვიცი, პოლიტიკური დავალებაა თუ რაღაც ტრენდია, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ვეტო მავნებლური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.