გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი შერჩეულია ისეთ ფიგურად, რომლის ხელთათმანებსაც სისხლის ლაქები არ აქვს
გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი შერჩეულია ისეთ ფიგურად, რომლის ხელთათმანებსაც სისხლის ლაქები არ აქვს

სალომე ზურაბიშვილი შერჩეულია, როგორც ფიგურა, რომელიც პირდაპირ დანაშაულებში არ იყო ჩართული, ის შეარჩიეს ფიგურად, რომლის ხელთათმანებსაც სისხლის ლაქები არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის მიერ „ლე ფიგაროსთან“ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა: „მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას“.

„არ იყო ჩართული იმ დანაშაულებში, რომლებიც ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს ახასიათებს – თითოეულ მათგანს, გაერთიანებული თუ გაუერთიანებელი სახით, იქნება 5, 4 თუ ნებისმიერი სხვა ნომერი. სალომე ზურაბიშვილი შეარჩიეს, როგორც ერთადერთი, რომელსაც ხელზე ისეთი ხელთათმანები აცვია, რომელსაც სისხლის ლაქები არ აქვს. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილმაც თავისი პირობები დააყენა, რომ იგი იქნება ერთადერთი და განუმეორებელი, რომელიც დროებითი მთავრობის შემადგენლობას დააყენებს და ეს ყველასთვის წესი და კანონი იქნება, მათ შორის, მათთვისაც, ვინც გუშინ უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა. მაგალითად, როგორიც არის ნიკა გვარამია ან ნებისმიერი სხვა. იმ სიტყვას, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს მოიხსნიებდნენ, ვერც გავიმეორებ, იმდენად უტიფარი და უზრდელურია. ამაში თვალთმაქცობა მეტია და რეალობა არ ჩანს. ეს ყველაფერი და ეს ურთიერთობები ყალბია, მაგრამ ზურაბიშვილს თავისი პირობები აქვს. მთავრობა უნდა წარმოადგინოს და ერთ წელიწადში ველი გაწმინდოს. ალბათ იგივე რეპრესიები სჭირდება, რომელშიც გვარამია უკვე გამოცდილია, შემდეგ უნდა ჩაატაროს არჩევნები. ამ პროცესის ლიდერი უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილი თავისი ქოლგით. ეს ქოლგა როგორია – რეალურია, სერიოზულია, ფუფალას დროშაა, ქოლგაა თუ სხვა, ამას საზოგადოება გადაწყვეტს.

ადრე მახსოვს მიშა სააკაშვილის შეფასება სალომე ზურაბიშვილის ასეთი განცხადებისადმი, რომელსაც ვერ გავიმეორებ. იმაზე ნაკლები არ არის, რაც გვარამიამ მას უწოდა. ოპოზიცია რამდენად დაუჯერებს, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, რომ სალომე ზურაბიშვილია მათი ლიდერი? ამ აბსურდის თეატრს სთავაზობს ოპოზიცია ჩვენს საზოგადოებას და სამწუხაროა, რომ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს ამ გზაზე დგას და ასეთ სისულელეებს იძახის“, – განაცხადა ვოლსკიმ.