გია ვოლსკი - საკმაოდ უხერხული სიტუაცია შეგვექმნა ადამიანის მიმართ, რომელთანაც გვაკავშირებს მეგობრობა, განვლილი პერიოდის პერიპეტიები, უცბად ის ჩვენთვის გაუგებარ პოზიციას იკავებს
ფაქტი იყო, რომ გიორგი გახარიასთვის ეს თემა, თუ როდის უნდა მოხდეს, რა ფორმით უნდა მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, სერიოზულ კითხვებს ბადებდა, ცოტა ეს კითხვებიც უცნაურად ჟღერდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იყო გაფართოებული ფორმატის და შეხვედრაში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოც იღებდა მონაწილეობას. გია ვოლსკის განმარტებით, პარლამენტარებთან ერთად, შეხვედრას გიორგი გახარია და მთავრობის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.
„აი, როგორ გითხრათ, ელემენტარულად დეტალიც კი არ ყოფილა განსხვავება იმ აზრის, რაც იმ პერიოდში ჰქონდა განსახილველი, რადგან ეს ლოგიკური იყო. ეს ხომ არ არის რაღაც პოლიტიკური ანგარიშსწორება ადამიანის მიმართ, როგორც ზოგიერთ ექსპერტს და ჩვენს ოპონენტებს უნდათ, წარმოადგინონ. განსხვავებული აზრი რომ გაჩნდა, ამ დილას გავიგეთ, მე, ყოველ შემთხვევაში, ამ დილას გავიგე. გუშინ საღამოს იყო ამ თემაზე მსჯელობა. ამ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა და იყო ლაპარაკი იმაზე, რომ პოლიტიკური კომპონენტისგან რაც შეიძლება, უნდა დაიცალოს სამართლის აღსრულების, სასამართლო გადაწყვეტილების საკითხი. მექანიზმი უნდა მუშაობდეს, როგორც ეს განვითარებულ დემოკრატიებშია. ნუ ის ამბობს და იქ რაღაც ორჭოფობა იყო იმდენად თვალსაჩინო, ფაქტი იყო, რომ გიორგისთვის ეს თემა, თუ როდის უნდა მოხდეს, რა ფორმით უნდა მოხდეს ამის აღსრულება, სერიოზულ კითხვებს ბადებდა. ცოტა ეს კითხვებიც რაღაც უცნაურად ჟღერდა. აქედან გამომდინარე, ფაქტი იყო, იგი ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ წავიდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, განსხვავებული აზრი ეხებოდა გადაწყვეტილების აღსრულების ვადებსა და ფორმებს.
„აღსრულდეს თუ არ აღსრულდეს, ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი არ გაყოფილა. ყოველ შემთხვევაში, აი ასეთი ორჭოფული და გაუგებარი პოზიცია აღმასრულებლის მხრიდან, რომელმა სისტემამაც უნდა აღასრულოს ფაქტობრივად ეს გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ მიიღო. ერთია, სამართლიანად მიიღო თუ არა. ამაზეც შეიძლება პატარა კომენტარის გაკეთება, პოლიტიკურ საკითხებზე, მაგრამ ეს ხომ არ არის ემოციური აფეთქება, რომელიც ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა. ეს არის ერთობლიობა გარკვეული სიტუაციის, სადაც, ვფიქრობ, განსხვავებული აზრი არც ერთხელ არ ყოფილა და აქედან გამომდინარე, როგორც სოზარმაც აღნიშნა, საკმაოდ უხერხული სიტუაცია შეგვექმნა ადამიანის მიმართ, რომელთანაც გვაკავშირებს მეგობრობა, განვლილი პერიოდის მთელი პერიპეტიები, უცბად ჩვენთვის გაუგებარ პოზიციას იკავებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, არ ელოდებოდა გიორგი გახარიას ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც პოლიტიკას უკავშირდება.
„ლაპარაკობენ, რომ სასამართლომ მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება. ამ დროს სასამართლო, სულ რომ მექანიკა ყოფილიყო და არა მოსამართლე და შეგეყვანა ასეთი მონაცემები, როდესაც ეს ვითარება დგება, რა გადაწყვეტილება შეიძლება, მიიღოს მოსამართლემ, ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერმა სასამართლომ, მიიღებთ პასუხს, ადამიანები რომც არ მონაწილეობდნენ, აი, როგორც გამოცდებშია ზუსტად, რომ კითხვის დასმის შემთხვევაში სწორ პასუხს იძლევა. რაც მოხდა გუშინ, რასაც ვუყურებდით, რამაც ალბათ იმოქმედა ემოციური კუთხით, რაღაც სერიოზული განცდა ჰქონდა ხალხს, რამე ხომ არ ხდება ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით. იქნებ, არ მოუხსნია სამაჯური?! იქნებ, არ დაურღვევია ეს აღკვეთის ღონისძიება?! იქნებ, პროკურატურამ ერთხელ, ორჯერ გირაოს გადახდით მისცა საშუალება, მდგომარეობა განმუხტულიყო. ყველაფერი გაკეთდა, ასე ვფიქრობ, რომ სადღაც პროკურატურამაც საკმაოდ ლოიალური პოზიცია დაიკავა და მოსამართლეს პრაქტიკულად ის პირობა მისცეს, დაუდეს წინ, როდესაც სხვა არანაირი ალტერნატივა არ გააჩნდა. რაც შეეხება პოლიტიკურ მოლაპარაკებებს, მაგიდასთან დავსხდეთო ახლა გვეუბნებიან. კი დავსხდეთ და ვეუბნებით, თუკი თქვენ მთავარ ასპექტად ჩვენი დაპირისპირებისა ასახელებთ არჩევნების გაყალბებას, კი ბატონო, ჩვენ ახლა ნათელაშვილის ჭკუაზე ხომ არ ვატარებთ ქვეყანას. მაშინ ავიღოთ და სამართლებრივი დოკუმენტი შევქმნათ, რასაც საგამოძიებო კომისია სჭირდება და კი ბატონო, თქვენ უხელმძღვანელეთ ამ კომისიას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.