გია ვოლსკი აცხადებს, რომ სახალხო დამცველი „ნაციონალური მოძრაობის“ გარე სპიკერად ჩამოყალიბდა
სახალხო დამცველი და არაერთი პოლიტიკური აქტივისტი იმ ინტერესების გარე სპიკერებად ჩამოყალიბდნენ, რომელიც აქვს „ნაცმოძრაობას“, რომ მათთვის უპერსპექტივო არჩევნებში რაღაც პერსპექტივა ჰქონდეთ, თუ მძიმე ეპიდმდგომარეობა იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ვოლსკი გამოეხმაურა სახალხო დამცველის გუშინდელ განცხადებას, სადაც ლომჯარია აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.
ვოლსკის განმარტებით, საარჩევნო პროცესი ისე წარიმართება, რომ საფრთხეები მინიმუმამდე იყოს შემცირებული.
„ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველი, ისევე, როგორც არაერთი პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც დამოუკიდებლად წარმოადგენს თავს, იმ ინტერესების გარე სპიკერებად ჩამოყალიბდნენ, რომელიც გააჩნია „ნაცმოძრაობას“, რომ მათთვის უპერსპექტივო არჩევნებში რაღაც პერსპექტივა ჰქონდეთ, თუ მძიმე ეპიდმდგომარეობა იქნება. მათთვის პერსპექტივა არ არსებობს და ახლა არჩევნების გადადებაზე ალაპარაკდნენ, რომ სკანდალური თემა აიწიოს.
ეპიდუსაფრთხოების თვალსაზრისით, საარჩევნო პროცესი, არჩევნების დღე და შემდგომი პერიოდი იმ დონეზე იქნება წარმართული, რომ საფრთხეები მინიმუმამდე იყოს შემცირებული და მართვაც უფრო ადვილი იქნება. სახალხო დამცველსაც და ყველა სხვას მართებს სიღრმისეული კონსულტაციების გავლა დარგის სპეციალისტებთან და არა პოლიტიკურ პარტიებთან და მოღვაწეებთან, რომლებსაც თავისი ინტერესი გააჩნიათ.
პერსპექტივა იმის, რომ ორ თვეში კოვიდსაფრთხეებისგან გათავისუფლდება მსოფლიო, შესაბამისად, საქართველო და ამის გამო პოლიტიკური პროცესი უნდა შეწყდეს, არ არის მართებული და ასეთი მოსაზრებები შეიძლება მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტებს გააჩნდეთ. ან საპრეზიდენტო არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო ამერიკაში, რომელსაც უმძიმესი პერიოდი ჰქონდა იანვრისთვის. პოლიტიკური პროცესის შეჩერების სურვილი აქვთ მხოლოდ იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც პერსპექტივა არ გააჩნიათ და მხოლოდ ის სტრატეგიული გეგმა აქვთ, რასაც დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარების განვითარება ჰქვია. ეს არ გამოუვიდათ, ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გამჟღერებელი გარე სპიკერები მომრავლდებიან, მათ შორისაა სახალხო დამცველიც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.
ამასთან, ლომჯარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება ან როდის შეიძლება, განიხილონ არჩევნების გადადება.