გია ვოლსკი - საგანგებო მდგომარეობა არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ ცხოვრებასა და ჩვენს პოზიციაზე
საგანგებო მდგომარეობა არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ ცხოვრებაზე და არც ჩვენს პოზიციაზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში ნებისმიერი თემა პოლიტიკურ სიბრტყეში განიხილება.
„სამწუხაროდ, ჩვენთან ნებისმიერი თემა პოლიტიკურ სიბრტყეზე განიხილება, იმ საკითხებზე ბჭობენ, რაც საარჩევნო სისტემას შეეხება და იმაზე, როგორ მოხდება ეს საგანგებო მდგომარეობის დროს. საგანგებო მდგომარეობა არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ ცხოვრებაზე და არც ჩვენს პოზიციაზე. გვინდა, რომ საარჩევნო თემატიკა ივნისში განვიხილოთ და ივლისში დავამთავროთ. ვისაც საღი აზრი გააჩნია, უნდა გაათვითცნობიეროს, ისეთ ვითარებას ველოდებით, რომ საარჩევნო ცვლილებებზე საუბარი გაცილებით უკეთესი იქნება“, – განაცხადა გი ვოლსკიმ.
მისი თქმით, თუ არჩევანი სიკვდილ-სიცოცხლეს შორის დადგება, რა თქმა უნდა, არჩევანი სიცოცხლეზე გაკეთდება.
„თუ მსოფლიოში არსებული მდგომარეობა არჩევანს სიკვდილ-სიცოცხლეს შორის დააყენებს, რა საკვირველია, ჩვენ სიცოცხლეს ავირჩევთ და შეზღუდვებს დავაწესებთ ისევე, როგორც შეზღუდვები ადრე გვქონდა. ყველანაირი პროგნოზით, იმედია,ეს პროცესი აქამდე არ მივა. პირიქით, ორშაბათიდან ნელ-ნელა დაიწყება ვითარებიდან გამოსვლის გეგმის განხორციელება. ჩვენ ვგეგმავთ მხოლოდ ერთი პრინციპის საფუძველზე, ეს არის მეცნიერების მიერ მოწოდებული მოსაზრებები და მსოფლიოში არსებული ვითარების ღრმა ანალიზი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.