გია ვოლსკი - საერთაშორისო სასამართლომ საფუძვლიანი ვერდიქტი დადო, საფუძვლიანია მისი მოთხოვნაც, რაც ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ თანხის ანაზღაურებას ითვალისწინებს
საერთაშორისო სასამართლომ საფუძვლიანი ვერდიქტი დადო და საფუძვლიანია მისი მოთხოვნაც, რაც ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ თანხის ანაზღაურებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ხაზარაძე და ჯაფარიძე ჩემგან 300 ათასს ლარამდე ითხოვდნენ იმის გამო, რომ ვთქვი, მათი ბანკიდან უკანონოდ იყო გატანილი ფული და ძალიან საეჭვო ოპერაცია ჩატარდა, როცა 17 მილიონი გაათეთრეს და წინა დღეს ბანკიდან გატანილი თანხა პირად ანგარიშებზე დაიბრუნეს, შემდეგ ოფშორულ ზონაში მოხვდა. სასამართლომ ეს რეალურად დაადასტურა და მე მიჩივლეს, მადლობა ღმერთს, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. როცა საერთაშორისო სასამართლომ – და არა ქართულმა სასამართლომ, რომელსაც შეგიძლია, სრულიად უსაფუძვლოდ რაღაც დააბრალო – საფუძვლიანი ვერდიქტი დადო და საფუძვლიანია მისი მოთხოვნაც, რაც თანხის ანაზღაურებას ითვალისწინებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, ოპოზიციამ არცერთი საკითხი არ დატოვა ისე, რომ პოლიტიკური კონტექსტი არ მიეცა.
„გაიხსენეთ „რუსთავი 2“-ისა და სააკაშვილის საქმეები, სადაც ყველგან წააგეს, რადგან ამ საქმეებს პოლიტიკური კონტექსტი არ გააჩნიათ. პოლიტიკური კონტექსტი მაშინ გააჩნდა, როცა ტელევიზიის მიტაცება ხდებოდა. პოლიტიკური კონტექსტი იყო ის, როცა ადამიანები თაღლითებად იყვნენ აღიარებული და თავშესაფარი პოლიტიკაში პოვეს. ეს იყო პოლიტიკური კონტექსტი და არა ის, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და ამას პოლიტიკურ კონტექსტს ვერ დავუდებთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა და, როგორც 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.