გია ვოლსკი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებები გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების განცხადებებს ჰგავს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებებში პოლიტიკური მიმართულება იკვეთება.
ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის თაობაზე კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
“შალვა თადუმაძის დიპლომი ნამდვილია, ჩვენ ეს ვიცით. თუ ვინმეს საწინააღმდეგო პოზიცია და ამას ადასტურებს, ამ თემაზე უნდა ისაუბროს. შალვა თადუმაძე არის ადამიანი, რომელსაც შესაბამისი კომპეტენცია გააჩნია. „საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველომ” თავის განცხადებებში პოლიტიკური მიმართულება აიღო, ასეთი განცხადება იყო პენსიებთან დაკავშირებით. ისეთი განცხადებებები აქვს ჩამოყალიბებული, როგორიც გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ამასთან, ვოლსკი გამოეხმაურა “საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს” ინფორმაციას საჯარო სამსახურში ხელმძღვანელი პირების ნათესავების დასაქმების თაობაზე.
ვოლსკის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ ჯახში არის ჩართული.
“საპარლამენტო არჩევნებს რაც უფრო დავუახლოვდებით, ასეთი განცხადებები უფრო მეტი იქნება. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართულია პოლიტიკურ ჯახში. თუ რაიმე მაგალითი არსებობს იმის, რომ ვინმე არასწორად დაინიშნა სადმე, ან ნათესაობით, დაბალი ინტელექტუალური მონაცემები აქვს, მაგრამ თანამდებობაზე წინ არის, ამის თაობაზე კონკრეტული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს და შეფასება მივცეთ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აუცილებელია, ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება, რათა დამაჯერებელი პასუხი გაეცეს გენერალური პროკურორის დიპლომის ნამდვილობასა და შესაძლო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს. ასევე, აღნიშნულია, რომ პარლამენტმა კენჭი არ უნდა უყაროს შალვა თადუმაძის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასანიშნად, ვიდრე ხსენებული პროცედურა არ იქნება გავლილი და დიპლომთან დაკავშირებით კითხვებს დამაჯერებელი პასუხები არ გაეცემა.
ასევე, ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” სახელმწიფო თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე უწყებაში ან მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში, მის საქვეუწყებო დაწესებულებებში.