გია ვოლსკი - სააკაშვილზე დასკვნა ადასტურებს არა მხოლოდ სამედიცინო ფაქტს, არამედ იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების ნაცვლად ჩამოყალიბდა რევოლუციური კომიტეტები
მილიონები დაიხარჯა, რომ სააკაშვილის მოწამვლის თემა ყოფილიყო არაერთი წამყვანი საინფორმაციო საშუალების გვერდზე გამოქვეყნებული. პიარკამპანიაში უშველებელი თანხები სწორედ ამისთვის დაიხარჯა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკის თქმით, „სააკაშვილი და მისი გარემოცვა თუნდაც პარალელური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარს ამბობენ“.
„დარწმუნებული ვარ, ამ დასკვნის მიუხედავად, ვითარება არ შეიცვლება და, პირიქით, უფრო გააფთრებით დაიწყებენ ბრძოლას, რომ ეს თემა დღის წესრიგიდან არ მოიხსნას. სააკაშვილი და მისი გარემოცვა თუნდაც პარალელური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარს ამბობენ, მაგრამ გუშინ მიღებული დასკვნა ადასტურებს არა მხოლოდ სამედიცინო ფაქტს, არამედ იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების ნაცვლად ჩამოყალიბდა რევოლუციური კომიტეტები, რომლებიც შედგებიან მავნებელი ადამიანებისგან, რომელთაც ერთი სული აქვთ, როგორმე ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინონ საერთაშორისო თვალსაზრისით პოლიტიკურ და საინფორმაციო ველზე. ეს არის ძალიან შემაძრწუნებელი ფაქტი, რაც, სამწუხაროდ, ახასიათებს ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა: „„ლიმბახის“ გერმანული ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მძიმე მეტალებით მოწამვლას ადგილი არ აქვს“.