გია ვოლსკი - სააკაშვილის თანაგუნდელების მთავარი გეგმაა, როგორმე სააკაშვილი დასუსტდეს და ეს იყოს ძლიერი ფაქტორი საერთაშორისო ტრიბუნიდან განცხადებების გასაკეთებლად
გია ვოლსკი - სააკაშვილის თანაგუნდელების მთავარი გეგმაა, როგორმე სააკაშვილი დასუსტდეს და ეს იყოს ძლიერი ფაქტორი საერთაშორისო ტრიბუნიდან განცხადებების გასაკეთებლად

სააკაშვილის თანაგუნდელების მთავარი გეგმაა, როგორმე სააკაშვილი დასუსტდეს და ეს იყოს ძლიერი ფაქტორი საერთაშორისო ტრიბუნიდან განცხადებების გასაკეთებლად, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ შიმშილობის დაწყების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის წევრის შიმშილობა პიარულად საკმაოდ გაყიდვადია და არ იქნება სწორი, თუკი ამ თემასაც მიაქცევს ყურადღებას კომპანია, რომელიც სპეციალურად დაიქირავეს სააკაშვილის თემის გასაცხელებლად.

„ანომალიური ქმედებები აქვთ. მათი საგანგებო მიზანი არის მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა. კიდევ ერთი მიზანია სააკაშვილის ფაქტორის არდავიწყება, რომ, გარკვეულწილად, პარლამენტიდან გასვლის მოთხოვნა არ იყოს აქტუალური თემა. პარლამენტის წევრის შიმშილობა, რასაკვირველია, მართლაც საყურადღებო და პიარულად საკმაოდ გაყიდვადია, თუკი ამ თემასაც მიაქცევს ყურადღებას ის კომპანია, რომელიც სპეციალურად დაიქირავეს სააკაშვილის თემის გასაცხელებლად. არ არის ეს ქმედება სწორი, ვინაიდან სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება კანონიერია. ყველაფერი კეთდება, რათა მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს. ვფიქრობ, მისმა თანაგუნდელებმა, პირველ რიგში, მას უნდა მოუწოდონ, ზედმიწევნით შეასრულოს სამედიცინო გუნდის მიერ დაწესებული რეჟიმი, მკურნალობის კურსი, როგორც ეს არის აუცილებელი მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის. ეს უნდა იყოს მთავარი გეგმა. მათი მთავარი გეგმა კი დღეს არის სხვა, როგორმე სააკაშვილი დასუსტდეს და ეს იყოს ძლიერი ფაქტორი, ძლიერი არგუმენტი, მათ შორის, საერთაშორისო ტრიბუნიდან განცხადებების გასაკეთებლად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს გამოაცხადეს. დღეს მათ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია შეუერთდა.