გია ვოლსკი - სააკაშვილის მთავარი მიზანია დესტაბილიზაცია, საუბრობენ შერიგებაზე, ჩახუტებაზე და ამავე დროს ჯოჯოხეთისკენ მიგვითითებენ გზას
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ არ სურს „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი აქცია ხალხის რაოდენობით შეაფასოს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მთელ რიგ საკითხებშია დამნაშავე, რის გამოც სასამართლოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თავს ვერ მოახვევენ.
„შეკრებილი ადამიანის რაოდენობამ არაფერი დამანახა. არსებობს ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც ფეხი დააბიჯეს ღირსებაზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, და სისხლი ადინეს გაცილებით, ათჯერ მეტად. არ მინდა, აქცია რაოდენობით შევაფასო. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და 14-15 ათასი ადამიანი შეიკრიბება, თუ როგორც რუსულმა მედიამ აღნიშნა, 100 ათასი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს საკითხის არსს და ეს არსი არ იცვლება – მიხეილ სააკაშვილი არის მთელ რიგ საკითხებში დამნაშავე, მის ირგვლივ მთელი საკითხები კიდევ არის განსახილველი და უამრავი საკითხია, რომელზეც მას სამართლებრივი პასუხი არ მოსთხოვია. აქედან გამომდინარე, ყველას პატივი უნდა ვცეთ, ვისი პოლიტიკური მხარდამჭერიც უნდა იყოს, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თავს ვერ მოვახვევთ სასამართლოს, ასეთი დამოკიდებულებაც რომ იყოს. საერთოდ, ევროპული სტანდარტი ასეთია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ შერიგებასთან დაკავშირებით მთავრობისადმი მოწოდებასაც გამოეხმაურა.
„მეორე საკითხია ის, რომ ბევრს საუბრობენ შერიგებაზე, ურთიერთჩახუტებაზე და ამავე დროს, ჯოჯოხეთისკენ მიგვითითებენ გზას. დღევანდელ პოლიტიკაში სიძულვილის ენა გაცილებით ჭარბობს და ამის მესვეურები ის ადამიანები არიან, ვინც გუშინდელი აქციის ორგანიზატორები იყვნენ. სააკაშვილის განცხადება და მოწოდება იყო პარტიის მიმართ, რომ მეორე ტური ჩაატარონ, გამარჯვება მოიპოვონ და გამარჯვებულები დადგნენ ქუჩაში, მისი გათავისუფლება მოითხოვონ. რუსეთის მედიის პროპაგანდა პირდაპირ იყო დაკავშირებული სააკაშვილის მხარდაჭერასთან – თქვეს, 100 ათასი ადამიანი შეიკრიბაო, მის მოწინააღმდეგედ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ აქვე, საოკუპაციო ხაზთან დამატებით ღობეს აშენებენ ზუსტად იმ წუთში და იმ დროს, როცა სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები საქართველოში აქტიურობენ. ამას „თუმცა“ აღარ უნდა. ვითომ, საწინააღმდეგოდ გამოდიან და ამ დროს, მთელი რესურსი იმაში ჩადეს, რომ ხალხი დაერწმუნებინათ – აქ 100 ათასი ადამიანი შეიკრიბა. ამავე დროს, რუსი სამხედროები აქტიურობენ საოკუპაციო ხაზთან და ღობეს აკეთებენ, რომ მეტი უკმაყოფილება გამოიწვიონ ქართულ საზოგადოებაში. ეს არის რუსეთის პროპაგანდა. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმ სამხედრო აქტივობებთან, რაც მიმდინარეობს ამ წუთში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საოკუპაციო ხაზთან.
ადრე იყო ფორმულირება, ჯერ არჩევნები ჩავატაროთ, მეორე ტურებში მყარად გავიმარჯვოთ და შემდეგ ქართველი ერი გამოხატავს დამოკიდებულებასო. ჯერ იყო, 43 პროცენტზე ჩამოეკიდნენ, ახლა – მეორე ტურზე. არადა, არჩევნები არჩევნებია და აჩვენებს, ვინ რამდენ მანდატს იღებს, როგორ ჩაერთონ მართვაში და არა აჯანყებაში, მართვაში და არა დესტაბილიზაციაში. სააკაშვილის მთავარი მიზანია დესტაბილიზაცია, ამაზე კითხვებიც კი არ არის, მათ შორის – მის მომხრეებში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.