მიხეილ სააკაშვილის მომხრეებისგან სამართალდამცველი ორგანოებისადმი წინააღმდეგობის გაწევა იმას ნიშნავს, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი კიევში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მიზეზს, თუ რატომ ვერ მოხდა, სამართალდამცავების მიერ მხარდამჭერებისგან დახსნილი მიხეილ სააკაშვილის ხელახალი დაკავება, გია ვოლსკი უკრაინის სახელმწიფოში პრობლემების არსებობაში ხედავს.
მისი თქმით, სააკაშვილის გზა, თავიდან ბოლომდე პროვოკაციაა. გია ვოლსკის განცხადებით, მას უკვირს, უკრაინული საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად დგას, რატომ ვერ გრძნობს, რომ ეს არის დაღუპვისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი.
„უკრაინას აქვს ბევრი პრობლემა, თავი რომ დავანებოთ რუსეთთან საომარ მოქმედებებს, იქ კორუფციაზეც თვითონ საუბრობენ, რასაც ბრძოლა გამოუცხადეს. სააკაშვილის მომხრეებისგან სამართალდამცველი ორგანოებისადმი წინააღმდეგობის გაწევა იმას ნიშნავს, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები.
სააკაშვილის მონაწილეობით კანონი დაარღვიეს და ვფიქრობ, ეს უშეღავათო დაპირისპირების წინაპირობაა, რაც უკრაინისთვის იქნება ძალიან ცუდი შედეგების მომტანი. ჩემი აზრით, შექმნილია იმის წინაპირობა, რომ ვითარება იყოს უმართავი და დაიწყოს ისეთი პროცესები, რომლებიც უკრაინას დაანგრევს და მგონია, რუსეთს საკმაოდ გააძლიერებს უკრაინასთან მიმართებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.