გია ვოლსკი - რთულ მდგომარეობაშია სააკაშვილის გარემოცვა, ოჯახი, რომლებიც ჩართული არიან გეგმის რეალიზაციაში, რაც მის ცუდად ყოფნას, თვითდაზიანებას და მოწამვლაზე მუდმივ საუბარს გულისხმობს
უშველებელი თანხები დახარჯეს, რომ პიარკამპანიას წარმატება ჰქონოდა, მსოფლიოს წამყვან საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულიყო სააკაშვილის მოწამვლის ამბავი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უტყუარი ცნობები როდესაც არის, დამაჯერებელი განცხადებების გაკეთება რთულია.
„სიცრუის დეტექტორზე უნდა შევაერთოთ ზოგიერთი ადამიანი, რომ გავიგოთ, რეალურად რას ფიქრობს. რთულ მდგომარეობაშია სააკაშვილის გარემოცვა, მისი ოჯახი, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში ჩართული არიან გარკვეული გეგმის რეალიზაციაში, რომელიც გულისხმობს სააკაშვილის ცუდად ყოფნას, თვითდაზიანებას და მოწამვლის თემაზე მუდმივ საუბარს. უშველებელი თანხები რაზეც დახარჯეს, რომ პიარკამპანიას წარმატება ჰქონოდა, მსოფლიოს წამყვან საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულიყო სააკაშვილის მოწამვლის ამბავი. უტყუარი ცნობები როდესაც გვაქვს უკვე ხელთ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის სიმართლე და არის სიცრუე, ძალიან ძნელია, გააკეთო დამაჯერებელი განცხადებები. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ სიცრუის კამპანიაში ჩართულია ოჯახი, დედა, რომელიც პირველ რიგში უნდა ზრუნავდეს, მისმა შვილმა მიიღოს შესაბამისი დანიშნული სამედიცინო მომსახურება და კვებით რეჟიმს დაემორჩილოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ 12 აპრილს განაცხადა: „ლიმბახის“ გერმანული ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მძიმე მეტალებით მოწამვლას ადგილი არ აქვს.