გია ვოლსკი - როგორ შეიძლება, გაგიჩნდეს სურვილი, უკრაინას გადასცე ადამიანი, რომელმაც შენს ტერიტორიაზე ამდენი დანაშაული ჩაიდინა, არახამია სისულელეებს მიედ-მოედება
იმდენად უტიფარია არახამის განცხადება, რომ ძალიან ძნელია, პასუხი გასცე. პირველ რიგში, სააკაშვილი დამნაშავეა. რუსეთი რა შუაშია, საქართველოში აქვს სისხლი დაღვრილი, ფულიც მოპარული და ადამიანების უფლებები გადათელილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, რატომ უნდა გადასცე უკრაინას ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულები ჩაიდინა, გაუგებარია.
„დღეს მიმდინარეობს იმ საკითხის განხილვა, რასაც ჰქვია ადამიანის ქუჩაში დახვრეტა, რომელშიც, შეიძლება, თვითონაც აქვს მონაწილეობა მიღებული, თუ არ აქვს მიღებული, ყოველ შემთხვევაში, ამ სისტემას მართავდა. ეს მართვის კულტურა დაგეგმა. როგორ შეიძლება, გაგიჩნდეს სურვილი, უკრაინას გადასცე ადამიანი, რომელმაც შენს ტერიტორიაზე ამდენი დანაშაული ჩაიდინა? ზუსტად ვიცი, რომ უკრაინაში თავისი პარტიისკენ მიემართება და არა თუ ვინმე პასუხს მოსთხოვს, არამედ შეიძლება, ორდენიც დაკიდონ იმისათვის, რომ უკრაინის საზღვარი დაარღვია უკანონოდ. თვითონ უკრაინაშიც დამნაშავეა, ისინი არ აღძრავენ არანაირ საქმეს და, პირიქით, ტაშს უკრავენ. რა გაცვლაზეა ლაპარაკი? რა სისულელეებს მიედ-მოედება, არ იცის. ასევე, დადასტურებულია, რომ არანაირი შავი ხვრელი არ არსებობს. შავი ხვრელი თუ უნდა ეძებოს არახამიამ, სადმე თავისთან მოიკითხოს, თავის ქონებაში, იმ სიტუაციაში, რომელიც თვითონ შექმნა თავის გარშემო. ეს არის რეალური სურათი, რომელიც გვაქვს. ყველა შემთხვევაში, სამართლებრივად, ეთიკურადაც და პოლიტიკურადაც არახამია არის მტყუანი, მაგრამ აქ არახამიაზე არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია პარტიაზე, რომელსაც არახამია ხელმძღვანელობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.