გია ვოლსკი - როცა სასამართლოზე შეტევის წინაპირობა მხოლოდ პოლიტიკურია, არასწორი იქნება, კომისიის შექმნას ხელი შეუწყო, თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს, ამას საგამოძიებო სტრუქტურები სჭირდება
როდესაც საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვ იმის ნაცვლად, რომ უფრო მეტი ფაქტი მოითხოვო, ვხედავთ მხოლოდ აღტაცებას, აღტყინებას და ისტერიას, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მავნებლები გვყავს ოპოზიციაში. სრულად არა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი რევოლუციურ კომიტეტებად გარდაიქმნა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, რაიმე მტკიცებულება თუ არსებობს, ამას საგამოძიებო სტრუქტურები სჭირდება.
„სასამართლო სისტემაში სიტყვა „კლანი“ მას შემდეგ შემოიტანეს, რაც სასამართლომ „ნაცმოძრაობის“ წევრები გაასამართლა. დღეს ქართულ სასამართლოს აქვს რეიტინგი და ამას უამრავი ფაქტობრივი მასალა ადასტურებს. ეს არის რეალობა და ამასთან დაპირისპირება იმ მცდელობით, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია დაადგენს, რომ „კლანი“ არსებობს, რასაკვირველია, მათთვის ამის დადგენა რთული იქნება. იმის საპირისპირო არაფერი არსებობს, რაც საერთაშორისო დონეზე გამოქვეყნებულია, სასამართლო სისტემის პოზიტიურ მაჩვენებლებს ვგულისხმობ. როცა უტევ ისეთ სერიოზულ ინსტიტუტს, როგორიც სასამართლოა და ამის წინაპირობა მხოლოდ პოლიტიკურია, რასაკვირველია, არასწორი იქნება, კომისიის შექმნას ხელი შეუწყო. თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს, ამას საგამოძიებო სტრუქტურები სჭირდება. ადგილი აქვს პოლიტიკურ დაპირისპირებას პოლიტიკურ ძალებს შორის სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტიების მიმართ და ეს არ არის მხოლოდ სასამართლო, არის ძალოვანი უწყებების გაშავების მცდელობა, ეკლესიასთან დაპირისპირება. რაც არ უნდა ათეისტი იყო, უნდა იცოდე, რომ არსებობს გარკვეული ფასეულობები, რაზეც სახელმწიფოს სტაბილურობა დგას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.