გია ვოლსკი - რეზოლუციის ტექსტი უნდა იყოს საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული
ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებული რეზოლუცია საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მმართველ გუნდში თანხმობა უკვე არსებობს.
„რეზოლუციაზე თანხმობა მმართველ გუნდში არსებობს. უბრალოდ, ტექსტი უნდა იყოს ისეთი, რომ არ იყოს ფუჭი გასროლასავით, უნდა იყოს საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული და ჩვენი პოზიციის გამომხატველი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ კიდევ ვცდილობთ გადავდგათ ნაბიჯები, რათა ტექსტი ბოლომდე შეთანხმდეს, თუმცა ამ მიმართებით ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი შეფასებით, რეზოლუციაში სანქციების საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები მიმდინარეობს.
„სანქციების ნაწილთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციაა. ჩვენ ვიცით, მსოფლიოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანწილად იმ ფაქტორითაც განისაზღვრება, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს შეეხება. ასე რომ, ამ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტი განცხადებები და პათოსი აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, რეალობა ის არის, რომ ვითარება საკმაოდ დაძაბული და ფეთქებადსაშიშია.
ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუციის პროექტი მოამზადა. რეზოლუციის პროექტის საკუთარი ვერსია აქვს ასევე, საპარლამენტო ოპოზიციას.