გია ვოლსკი - რადიკალური ოპოზიციის ამოცანაა, საქართველო როგორმე ჩართოს დესტაბილიზაციის პროცესში, რომელიც დაარტყამს სოციალურ სფეროს, მათი მიზანიც ეს არის
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის ამოცანაა, საქართველო როგორმე დესტაბილიზაციის შეუქცევად პროცესში ჩართოს.
ვოლსკის თქმით, დესტაბილიზაცია დაარტყამს სოციალურ სფეროს და ოპოზიციის მიზანიც ეს არის.
„პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთვის არათუ 89, არამედ 76 მანდატი საკმარისია. დღეს რადიკალური ოპოზიციის ამოცანაა, რომ საქართველო როგორმე დესტაბილიზაციის შეუქცევად პროცესში ჩართოს, მათმა აქციებმა დაპირისპირების ის ხარისხი გამოიწვიოს, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს სისხლისღვრამდე და მაიდნის სცენარამდე, რომელსაც გვკარნახობენ საქართველოში ჩამოსული ზოგიერთი ჩვენი უცხოელი პარტნიორის წარმომადგენლები, არა მარტო პარლამენტის წარმომადგენლები, არამედ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც საგარეო უწყებებს ხელმძღვანელობენ.
ეს რეალობა შეიცვლება უახლოეს პერიოდში და ვიდრე ცვლილება მოხდება მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში, იქამდე მათ სწადიათ, ამ რადიკალიზაციამ როგორმე მოიტანოს დესტაბილიზაცია. დესტაბილიზაცია განაპირობებს ეკონომიკური პროცესების შეჩერებას, დაარტყამს სოციალურ სფეროს, ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესების პერსპექტივას და ამოცანა, მიზანი, რასაკვირველია, ეს არის. ამას ყველა ხედავს. ვფიქრობ, ის ადამიანები, ვინც აჰყვებიან ამ პროცესებს, ჩაითვლებიან საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეებად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება აქციებს, ვოლსკის განმარტებით, საზოგადოების ნაწილს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელი ზრახვების შესახებ წარმოდგენა არ აქვს.
„ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე პარტია ან სუბიექტი აქ უფრო აქტიურობს. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც არა მხოლოდ თანხებს ამობილიზებს, არამედ სერიოზულ პროპაგანდასაც ეწევა იმ ადამიანებს შორის, ვინც არიან იმ სექტის მონაწილეები, რომლებიც ამ პოლიტიკურ ველზე ჩამოაყალიბეს რადიკალურმა ოპოზიციურმა სუბიექტებმა. ასევე, იმ ადამიანების შეცდომაში შეყვანის სერიოზული პრობლემაა, სახელმძღვანელოებია ჩამოყალიბებული. საზოგადოების ნაწილი, შესაძლოა, რამით უკმაყოფილოა, შესაძლოა, არ აძლევენ „ქართულ ოცნებას“ ხმას, მაგრამ, ამავე დროს, არ აქვთ წარმოდგენა იმ ბნელი ზრახვების შესახებ, რომლებსაც ატარებს რადიკალური ოპოზიციის ეს გაერთიანება – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა““, – განაცხადა ვოლსკიმ.