გია ვოლსკი - რადიკალური ოპოზიციიდან სტალინური მართვის სისტემაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებმაც სადისტური რეჟიმების საუკეთესო გამოცდილება აიღეს სახელმწიფოს მართვის პერიოდში
გია ვოლსკი - რადიკალური ოპოზიციიდან სტალინური მართვის სისტემაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებმაც სადისტური რეჟიმების საუკეთესო გამოცდილება აიღეს სახელმწიფოს მართვის პერიოდში

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სტალინისტებისა და სტალინთან დამოკიდებულების თემამ გარკვეული ტრენდის ხასიათი მიიღო.

„ევროპელებთან ურთიერთობების დროს, არა მარტო ბერძენიშვილი, ყველა, ვისაც მიუწვდება ხმა და გარკვეული ურთიერობები აქვს ბრიუსელთან რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, საუბრობს, რომ აქ სტალინის ძეგლები შენდება, აქ სტალინის იდეოლოგიაა წამოწეული, სტალინური მართვის სისტემაა შექმნილი. ამბობენ ადამიანები, რომლებმაც არა მარტო სტალინის, არამედ გესტაპოს და სადისტური რეჟიმების საუკეთესო გამოცდილება აიღეს თავისი სახელმწიფოს მართვის პერიოდში. როდესაც ნაგავი ზემოთ ამოდის, აუცილებლად გამოჩნდება ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ეცდებიან, ეს ნაგავი, სიბინძურე, გარკვეული მიმართულებით განავითარონ და მას ტალღის ეფექტი შესძინონ, რაც დღევანდელ საქართველოში წარმოუდგენელია. ეს ერთ-ერთი ასპექტია იმ დამოკიდებულებისა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, როდესაც ვამბობთ, რომ 60%-მდე იქნება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის განმარტებით, ყველას აქვს საკუთარი აზრის უფლება, მთავარია, საზოგადოებამ ის სწორად შეაფასოს.

„ვის ახსოვდა დავით ბერძენიშვილი ან გიორგი კანდელაკი და უცებ შეიქმნა სიტუაცია, იქ არაკანონიკურად შესრულებული ნაწილი ჰქონდა გარკვეულ ხატს, შემდეგ გამოჩდნენ ტერორიზმის მომხრე ადამიანები, რომ ეკლესიაზე შეტევით კვლავ თავი შეინარჩუნონ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე. გადაბრუნებული აზრების მქონე ადამიანები ბევრნი არიან და მათ აქვთ უფლება, გადაბრუნებულია ჩემი აზრით, იმის აზრით – სწორია. ასეთი რეალობა საქართველოში არსებობს და ამას ხელს არავინ უშლის, მაგრამ როგორც კი რადიკალიზმის კალაპოტში გადაინაცვლებს ეს ყველაფერი, ამას ჰქვია ამ სიბიძურის ზემოთ ამოსვლა, როცა ადამიანები, რომლებიც არავის ახსოვდა, უცებ გარკვეულ გარემოში ხვდებიან, როგორც მიძინებული, ანაბიოზში მყოფი ბაქტერიები, იღვიძებენ ისტორიის გარკვეულ ეტაპზე. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ყველას აქვს საკუთარი აზრის უფლება, მთავარია, საზოგადოებამ სწორად შეაფასოს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „მარტო მატრონას ხატს და რუსულ ნარატივს კი არ იცავენ, სტალინს იცავენ, სტალინისტებითაა გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით“.