გია ვოლსკი - რადიკალური ოპოზიცია, მისი ცალკეული წარმომადგენლები იმდენად შეპყრობილი არიან ქვეყნის დაზიანების იდეითა და სტრატეგიული გეგმით, რომ არ უფიქრდებიან, რა კანონს აკრიტიკებენ
რადიკალური ოპოზიცია, მისი ცალკეული წარმომადგენლები იმდენად შეპყრობილი არიან „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ოპონენტის, ზოგადად, საზოგადოების, ქვეყნის დაზიანების იდეითა და სტრატეგიული გეგმით, რომ არ უფიქრდებიან, რა კანონს აკრიტიკებენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ ახალ კანონპროექტზე შეტევა ემსახურება მიზანს, რომ როგორმე ისევ რუსული თემა გაითამაშონ და ისპეკულირონ.
გია ვოლსკის განცხადებით, არ აკვირდებიან, რომ „ხალხის ძალის“ ახალი კანონპროექტი არის ამერიკის შეერთებული შტატების კანონის ზუსტი ასლი, გადმოთარგმნილი და შემოტანილი, როგორც ალტერნატიული ვარიანტი, რათა გამოჩნდეს სხვაობა პირველად წარმოდგენილ კანონპროექტსა და აშშ-ში მოქმედ კანონს შორის.
„ეს იდეით შეპყრობა იმდენად ძლიერი და გადაულახავია მათ პათოსში, რომ ვეღარ არჩევენ, რეალურად რასთან აქვთ საქმე. შესაძლოა, იციან კიდეც, რომ ეს კანონპროექტი ამერიკულ კანონთან შესაბამისობაშია, მაგრამ იმ მიზნით, რომ სიცრუე მიაწოდონ საზოგადოებას, რომელიც შეიძლება, უცბად ვერ გაერკვეს სიტუაციაში, მაინც მიმართავენ მიუღებელ მეთოდებს. ხატია დეკანოიძე ერთადერთი არ არის, ვინც ამ დაზიანების იდეითაა შეპყრობილი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცება შეუსაბამო იქნება საქართველოს მისწრაფებებთან, ასევე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, ვოლსკის განმარტებით, შემოსავლის დეკლარირება ჩვეულებრივი ამბავია, რომელიც განვითარებული დემოკრატიების სტანდარტს აბსოლუტურად შეესაბამება.
„არის ორი კანონპროექტი, ერთი, რომელიც ზუსტად მიესადაგება ყველანაირ სტანდარტს განვითარებულ ევროპაში, განვითარებულ დემოკრატიებში და მეორე კანონპროექტი, რომელიც წარმოადგინეს შედარების მიზნით. ის რეალობა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო და დღესაც არის, შეიძლება, კარნახობს სახელმწიფოს აუცილებლობას, რომ ჰქონდეთ ხისტი კანონი, რომლითაც, რასაკვირველია, არ უნდა დაუშვან რაიმე საზოგადოებრივი, არასამეწარმეო იურიდიული პირების განვითარება, არსებობა და საქმიანობა, რომელიც აშშ-ის უსაფრთხოებას დაემუქრება. ეს რეალობა და მოცემულობა დღევანდელ მსოფლიოში არსებობს. კი, ძველი კანონია, მაგრამ დღესაც მოქმედებს. არსებობს იმ სტანდარტის კანონპროექტი, რომელიც წარმოადგინა „ხალხის ძალამ“, ითვალისწინებს ყველაფერს, ისეთ დებულებებს, რომლებიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტს. საოცარია კიდევ ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გამჭვირვალობა არ არის აუცილებელი. არადა, განსახილველი კანონპროექტი მხოლოდ ამას ითვალისწინებს. საზოგადოებამ და გადასახდელების გადამხდელებმა უნდა იცოდნენ, რა მიზნით და რა თანხები იხარჯება საქართველოში, ის თანხები, რაც შემოსულია საზღვარგარეთიდან. დაპირისპირება გამოიწვიონ ევროკავშირთან, დასავლეთთან, პარტნიორ ქვეყნებთან – ეს მხოლოდ და მხოლოდ სტრატეგიულ ამოცანებს წარმოადგენს, თორემ თვითონაც კარგად იციან, რომ შემოსავლის დეკლარირება არის ჩვეულებრივი ამბავი, რომელიც განვითარებული დემოკრატიების სტანდარტს აბსოლუტურად შეესაბამება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.