გია ვოლსკი - ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებებს უნდა გავუფრთხილდეთ, ქაოტურ და სკანდალურ ვითარებაში არჩევნების ჩატარება ცუდ შედეგს მოგვიტანს
გია ვოლსკი - ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებებს უნდა გავუფრთხილდეთ, ქაოტურ და სკანდალურ ვითარებაში არჩევნების ჩატარება ცუდ შედეგს მოგვიტანს

ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებებს უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან ქაოტურ და სკანდალურ ვითარებაში არჩევნების ჩატარება ცუდ შედეგს მოგვიტანს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა და ქვეყნის წინაშე ბევრი გამოწვევებია.

„სულ მალე არჩევნები იქნება და მოვემზადოთ. რაც შეეხება კითხვას, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავ თუ არა, საერთოდ, არაფერი არასდროს არ უნდა გამორიცხოთ, მაგრამ სახელმწიფოში ამის წინაპირობა არც კანონიერი და არც ემოციური არ არსებობს. ხალხი ელოდება ბიუჯეტს, მდგომარეობის გამოსწორებას და იმას, რომ ქვეყანა სტაბილურობას შეინარჩუნებს“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, ვოლსკი ოპოზიციის მოთხოვნასაც ეხმაურება ე.წ. გერმანული მოდელის ამოქმედებაზე.

„დარწმუნებული ვართ, რომ ადამიანებმა, ვინც ეს თემა სამსჯავროზე შემოიტანეს, კარგად იციან, რომ ეს კონსტიტუციურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა ცდილობენ, რომ ეს ნაპერწკალი ისეთ პროცესად გადააქციონ, სადაც ემოციებსა და სკანდალურლობაში ჩაიკარგება რეალობა და კანონი“, – აცხადებს ვოლსკი.

ასევე, უმრავლესობის ლიდერი ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებას, რომ აპირებს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კონსტიტუციური პროექტის ინიცირებას. „ეს კანონიერად არასწორი განხილვა იქნება“, – ამბობს ვოლსკი.