გია ვოლსკი - ქვეყნის ცხოვრებაში არსებობს პრინციპული მომენტები, როცა პრემიერ-მინისტრი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, რაც გიორგი გახარიამ ვერ გააკეთა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ორჭოფობა და გადაუწყვეტელობა საკმაოდ ცუდად ახასიათებს.
ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკიმ გიორგი გახარიას გუნდის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გახარიამ ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.
ვოლსკის თქმით, მან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს.
„კერძოდ, პასუხი უნდა გასცეს მთავარ თემას, რაც გუნდიდან მის გასვლას უკავშირდება. მეც ერთ-ერთი ამომრჩეველი ვარ და მას ხმას არანაირად არ მივცემ, რადგან ქვეყნის ცხოვრებაში არსებობს პრინციპული მომენტები, როცა პრემიერ-მინისტრი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, რაც მან ვერ გააკეთა. ნიკა მელიას მიმართ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და მის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრმა უნდა აიღოს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა, ან მან ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არ არსებობენ, როგორც ეს მელიამ დააანონსა. აქედან გამომდინარე, ჩემს თვალში, გიორგი გახარიას ორჭოფობა და გადაუწყვეტელობა საკმაოდ ცუდად ახასიათებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.