გია ვოლსკი - ქვეყანაზე ვიფიქროთ, მოვერიდოთ ყველანაირ დაპირისპირებას, იქნება ეს პრაიდის თუ ანტიპრაიდის მხრიდან
ყველამ ჭკუას ცოტა ძალა დაატანოს და ქვეყანაზე ვიფიქროთ, მოვერიდოთ ყველანაირ დაპირისპირებას – იქნება ეს პრაიდის თუ ანტიპრაიდის მხრიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.
აღნიშნული კომენტარით ვოლსკი ლევან ვასაძის განცხადებას გამოეხმაურა.
გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ ულტიმატუმით საუბარი არასწორი მიდგომაა, რადგან ვინმეს მოსწონს თუ არა, საზოგადოება მრავალფეროვანია.
„ამის პოპულარიზაციის, რეკლამირების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. არა მხოლოდ კანონის, არამედ უფლის, ერთმანეთის წინაშე. ერთმანეთს შეგვიძლია ქმედება და განცხადებები დავუწუნოთ, მაგრამ ვერ გააუქმებ იმას, რასაც ჰქვია კანონის წინაშე ყველას ერთნაირი ვალდებულება, რათა სახელმწიფომ კანონი დაიცვას, დაიცვას ნებისმიერი მოქალაქე განსხვავებულობის მიუხედავად. ხელისუფლებას საკმაო რესურსი აქვს, ყოველგვარი არეულობა თავიდან აიცილოს.
სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ ქვეყანას კიდევ ახალი გამოწვევა არ გაუჩნდეს. ბალანსი და სიწყნარეა საჭირო, რათა გადავრჩეთ, საკმაოდ რთული გამოწვევების ცენტრში მყოფი პატარა ქვეყანა თავისი სუსტი ეკონომიკით და ბევრი გამოწვევით, გნებავთ აგრესორის მხრიდან, გინდ რეგიონში არსებული პროცესების შემხედვარე, გინდ მსოფლიო დაპირისპირების ხარისხიდან გამომდინარე“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღონ „გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონი და გააუქმონ დაანონსებული პრაიდი.