გია ვოლსკი - ქვეყანას მოლაპარაკებები და შეთანხმება სჭირდება
გია ვოლსკი - ქვეყანას მოლაპარაკებები და შეთანხმება სჭირდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყველამ კარგად ნახა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს დაქვემდებარება სრულად ხდება და მათი ინსტრუქციებიდან ყველანაირი გადახვევა დასჯადია.

გია ვოლსკის თქმით, ოპოზიციის მიზანია, შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება.

„ეს ჩანაწერებიც სწორედ იმისთვის გამოიყენება თითქოსდა მოლაპარაკების მაგიდასთან მიუსვლელობა გაამართლონ, რასაც პერსპექტივა არ აქვს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას მოლაპარაკებების პროცესში, ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან ერთად გარკვეულ ფორმატს დაესწრო. პოლიტსაბჭოს პრემიერ-მინისტრის ფუნქცია არასოდეს ჩამოუყალიბებია იმ მიმართულებით, რომ პოლიტიკურ მოლაპარაკებებში პოლიტიკოსებთან ერთად დაჯდეს და ეს მოლაპარაკებები აწარმოოს. თუ ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული იქნება, რა საკვირველია, ამას დასაბუთებაც ექნება, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მოლაპარაკებებს პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის თავმჯდომარე აწარმოებდნენ. არ მგონია, რომ ეს ფორმატი უნდა შეიცვალოს.

ოპოზიციამ აიღოს ხელში უპირატესობა, პარლამენტში შემოვიდეს, დროებით საგამოძიებო კომისიას სათავეში ჩაუდგეს და გამოავლინოს, რამდენად რეალურია ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან თითქოსდა არჩევნები გაყალბებულია იმ ოფიციალური დოკუმენტების საპირისპიროდ, რომელიც საერთაშორისო დონეზე იყო მიღებული. ეუთო/ოდირის განცხადებებმა, ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირის ჩამოსვლამ განაპირობა ის ისტერიკა, რასაც ჩვენ დღეს ოპოზიციის მხრიდან ვუყურებთ. მათი მიზანია, შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება – იქნებ და, გავლენა მოახდინონ, რათა მათ აქციებში მონაწილეობა მიიღონ, აგინონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, უზრდელობით გამორჩეული აქციები ჩაატარონ და იქნებ, დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს საზოგადოებაში. ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და ისე ვიმოქმედოთ, რაც ქვეყანას სჭირდება. ქვეყანას მოლაპარაკებები და შეთანხმება სჭირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.