გია ვოლსკი - „ქართული ოცნების“ ინიციატივა, არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც ეხება, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად იყენებს ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდებს
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც ეხება, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად იყენებს ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის სხვადასხვა მეთოდებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მმართველი გუნდის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
„ოპოზიცია საერთოდ გაუგებარ რამეს ამბობს. კანონპროექტი ეხება არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად იყენებს ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის სხვადასხვა მეთოდებს. საზოგადოება იმის ღირსია, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. ეს კანონიც მნიშვნელოვანი შენატანი იქნება ამაში. ნებისმიერი ადამიანი ათჯერ უნდა დაფიქრდეს, სანამ გადაწყვეტს, რომ ამომრჩეველზე რამე სახით მოახდინოს ზეწოლა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პარტია „ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 26 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
ოპოზიციაში კი, აღნიშნულ ინიციატივას გაუგებარს უწოდებენ და მმართველ გუნდს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებენ.