გია ვოლსკი - „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ ადამიანს გადაწყვეტილების მიღების არ ეშინია
„ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ ადამიანს შეუძლია, გადაწყვეტილება ისე მიიღოს, არ ეშინოდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ამომრჩევლის ზეწოლის თაობაზე „ევროპული საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა.
ვოლსკის თქმით, საქართველოში, ამჟამად, ადამიანებს საშუალება აქვთ, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ.
„დღეს მოვისმინე, თითქოს, მმართველი პარტია შალვა შავგულიძის ბანერების ჩამოხსნით არის დაკავებული. ბანერების ჩამოხსნა მართლაც რომ ხდებოდეს, ადამიანი სახლიდან რომ გამოვა, შალვა შავგულიძის ბანერს თუ ვერ დაინახავს, პოლიტიკურ დამოკიდებულებას შეიცვლის? რომელი პარტია გადაწყვეტს, გიგა ბოკერია ბანერების ჩამოხსნაზე ალაპარაკოს? „ქართულმა ოცნებამ“ რაც მოიტანა, ის არის, რომ ადამიანს შეუძლია, გადაწყვეტილება ისე მიიღოს, არ ეშინოდეს. მოვისმინე ისიც, რომ ვიღაც მკვლელი ყოფილა, რომლის ოჯახის ხმას „ქართულ ოცნებას“ თუ მისცემს, გაათავისუფლებენ. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? – კრიმინალების თემა ყბადაღებული ბოკერიას ხელისუფლების პერიოდში იყო და თუ ახლა რაიმე მაგალითი იციან, გვარი დაასახელონ და კონკრეტული შემთხვევა თქვან, რაც ძალოვანებისთვის კარგი იქნება, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.