გია ვოლსკი - ქართულ საზოგადოებას საკმაოდ ინტელექტუალური რესურსი აქვს, რომ უზნეო განცხადებები არ მიიღოს
ქართულ საზოგადოებას საკმაოდ ინტელექტუალური რესურსი და პრინციპულობა აქვს, რომ ისეთი პროვოკაციული, უზნეო განცხადებები არ მიიღოს და აღკვეთოს, რასაც ადგილი ჰქონდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც რელიგიური გრძნობების დაცვასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა.
ვოლსკის თქმით, საქმე ისეც არ არის, რომ პროვოკაციული განცხადებების აღსაკვეთად ვინმემ უკანონო ნაბიჯები უნდა გადადგას, რადგან საზოგადოების პროვოცირება ძალიან ადვილია.
„ამ პროვოკაციის ტალღის შეჩერება ისედაც საკმაოდ რთულ ვითარებაში შეიძლება ძნელი გახდეს“, – დასძინა ვოლსკიმ.
საქართველოს საპატრიარქომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც მიმართავს მორწმუნეებს, ახალგაზრდებს, ინტელიგენციას, არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს, ძალისხმევა მიმართონ იქითკენ, რომ სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა.