გია ვოლსკი - „ქართულ ოცნებაშიც“ ხშირად ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი გაცილებით უფრო პრინციპული ადამიანია, ვიდრე შეიძლება ამის მოლოდინი იყოს
„ქართულ ოცნებაშიც“ ხშირად ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი გაცილებით უფრო პრინციპული ადამიანია, ვიდრე შეიძლება ამის მოლოდინი იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ზურაბიშვილი „არცთუ ისე დამოკიდებული ადამიანია რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე“.
„მხარდაჭერის ფორმებს რაც შეეხება, ერთადერთი რაზეც შეგვიძლია მკაფიოდ დღეს ვილაპარაკოთ, არის ის, რომ ჩვენს ამომრჩევლებს მოვუწოდებთ გაითვალისწინონ ჩვენი არგუმენტები.
პირველ რიგში ის, რომ საქართველოში „ქართულ ოცნებას“ საკმარისზე ბევრი ძალაუფლება აქვს, ვგულისხმობ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას, ადგილობრივ თვითმმართველობას, ქალაქების მმართველობებს მათ შორის. აქედან გამომდინარე სწორი დამოკიდებულება იქნება ის, რაც ჩვენ გავაჟღერეთ – დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც არცთუ ისე დამოკიდებული ადამიანია რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე.
„ქართულ ოცნებაშიც“ ხშირად ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი გაცილებით უფრო პრინციპული ადამიანია, ვიდრე შეიძლება ამის მოლოდინი იყოს. სწორედ ეს არის ამ გადაწყვეტილების ხიბლი. ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობაც და რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოებაც სწორად გაიგებს ჩვენს ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, არსებობს საკონსტიტუციო მოთხოვნები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად სცილდება იმ განცხადებებს, რომელსაც მმართველი პარტიის ოპონენტები აკეთებენ.
ამასტან, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილი სწორად ხედავს თავის როლს ქვეყნის დემოკრატიის განვითარების საკითხებში.
„გარდა ამისა, არსებობს საკონსტიტუციო მოთხოვნები, რომელიც მნიშვნელოვანად სცილდება იმ განცხადებებს, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ. ეს ადამიანი სწორად ხედავს თავის როლს ქვეყნის დემოკრატიის განვითარების საკითხებში. უამრავი საკითხია, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობაში შედის, მაგრამ ის, რომ დაპირისპირება შეიქმნას ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში, ეს არის ხალხის მოტყუება. ასევე, სალომე ზურაბიშვილს დიდი გამოცდილება აქვს საერთაშორისო დონეზე“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს და მხარდაჭერას დამოუკიდებელ კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.