გია ვოლსკი - პრეზიდენტის განცხადებები საკმაოდ უხეში იყო, პარლამენტში მოსვლამდე მაინც შეეძლო, თავი შეეკავებინა, პარლამენტის ტრიბუნა საშუალებას მისცემს, თავისი დამოკიდებულება ჩამოაყალიბოს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტის პარლამენტში მისვლა არის კიდევ ერთი შესაძლებლობა საზოგადოებისთვის, პოზიციები დაინახოს და არჩევნების დროს ინფორმაციული ბაზის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილებები.
ვოლსკის თქმით, პარლამენტის ტრიბუნა პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ თავისი დამოკიდებულება ჩამოაყალიბოს. ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტი ხშირად საკონსტიტუციო უფლებამოსილებებიდან გადის.
„მიდგომათა დაპირისპირება სერიოზულად არის ექსპლუატირებული საზოგადოებაში, მედიასაშუალებებში და სპეკულაციის საგნად იქცა, მაგრამ თუ პოზიტიური მხრიდან შევაფასებთ პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლას, ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ჩვენი საზოგადოებისთვის, პოზიციები დაინახოს, ზუსტად შეაფასოს და ჩამოყალიბდეს, ინფორმაციული ბაზის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილებები, როცა არჩევნების დრო მოვა.
წინასწარი განცხადებები საკმაოდ უხეში, დაუბალანსებელი იყო და პარლამენტში მოსვლამდე მაინც შეეძლო, თავი შეეკავებინა თავისი ხედვების გახმოვანებისგან. პარლამენტის ტრიბუნა მას საშუალებას მისცემს, თავისი დამოკიდებულება ჩამოაყალიბოს პროცესების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ხშირ შემთხვევაში, პრეზიდენტი გადის საკონსტიტუციო უფლებამოსილებებიდან და ამ საკითხებთან მიმართებაშიც ალბათ საინტერესო იქნება სხვადასხვა მოსაზრების მოსმენა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება.