გია ვოლსკი - პრემიერ-მინისტრის გუშინდელი მოსმენისას სრული ლუსტრაცია მოხდა იმის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ოპოზიცია და ვირუსი ცალ მხარეს აღმოჩნდნენ
პრემიერ-მინისტრის გუშინდელი მოსმენისას სრული ლუსტრაცია მოხდა იმის, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ურთულეს პერიოდში ხდება, ოპოზიცია და ვირუსი ცალ მხარეს აღმოჩნდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, გუშინ მთავარი თემა იყო, რატომ არ რიგდება 1000-1000 ლარი ყველა ადამიანზე, რაზეც პასუხი არის ის, რომ მომავალი კვირიდან უკვე 400 000- მდე იდენტიფიცირებული ადამიანის დაფინანსება დაიწყება.
„ფაქტია, გამოიკვეთა ის, რომ არ არსებობს დარგი და მიმართულება, სადაც კომპეტენტური მმართველობა არ არის და გაქრა მითები, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით გუნდი დაბნეულია, ან არაფორმალურად იმართება და ა.შ. რასაკვირველია, გაბრაზებული ოპოზიცია ახლა ილაპარაკებს კორუფციაზე, რაღაცა შეუსრულებელ დაპირებებზე და პოლიტიკურ პატიმრებზე“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ამასთან, დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს ხვალ დაგეგმილ ინტერპელაციაზეც.
„პრემიერმა ყველა შეკითხვას გასცა პასუხი. ოპოზიცია რომ კმაყოფილი ვერ იქნება, ეს ფაქტია. ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ მათმა სტრატეგიამ ექიმებისადმი, რომელთაც გუშინ ლანძღავდნენ და მიწასთან ასწორებდნენ, არ გაამართლა და გადაწყვიტეს, ახლა საჭიროა მათი ქება. ეკლესიაზეც იყო ძალიან მძლავრი შეტევა და აქაც თავიანთი გეგმები მნიშვნელოვნად აერიათ. რაც მთავარია, ვირუსმა ვერ შექმნა ის ქაოსი და დესტრუქცია, რასაც ჩვენი ოპონენტები მოელოდნენ. სწორედ ამ სურათის შეცვლას ეცდებიან ინტერპელაციის წესით პრემიერთან საუბრის პერიოდში”, – განაცხადა ვოლსკიმ.