გია ვოლსკი - ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი პოლიტიკური სუბიექტების რაოდენობა, საზოგადოების ჭარბ მხარდაჭერას არ განაპირობებს
შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი პოლიტიკური სუბიექტების რაოდენობა, საზოგადოების მხარდაჭერას, მით უმეტეს, ჭარბ მხარდაჭერას არ განაპირობებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვოლსკი ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დაყენების საკითხს გამოეხმაურა.
„ვერ ვიტყვი „ნაციონალების“ ამბიციები სჭარბობს, თუ „ნაციონალების“ სატელიტების მოთხოვნები. ამას ვერავინ გაიგებს. მთავარი საფრთხე, რომელიც საზოგადოებამ უნდა დაინახოს, არის არა მარტო ეკლექტიკა ე.წ. გაერთიანებულ ოპოზციაში, არამედ საერთოდ რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟები და რიტორიკა, რომელიც დროებით შეიძლება ერთნაირია.
რადიკალურად განსხვავებული ფასეულობები აქვთ, რომელიც გაერთიანებულია იმ სადისტური ფასეულობების გარშემო, რაც გააჩნდა „ნაციონალურ მოძრაობას“.
ეს შეუთავსებლობა განაპირობებს შეუთანხმებლობას. შეუთანხმებლობა განაპირობებს სურათის დანახვას, ვისთან გვაქვს საქმე. ეს არის ადამიანების დროებითი გაერთიანება, რომელსაც უნდა, რომ დესტრუქციით შექმნას ხელისუფლების ცვლილების წინაპირობა, აიღოს ხელისუფლება და გააგრძელოს იგივე დესტრუქციით ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება.
საფრთხე ამის გათვალისწინებით არის დასანახი. ეს საფრთხე ქვეყანას არ ემუქრება, რადგან დარწმუნებული ვარ, ამას საზოგადოება სწორად აფასებს. რას ამბობს შალვა ნათელაშვილი, ვისი კანდიდატურა დააყენეს საბურთალოზე, ამას არ აქვს მნიშვნელობა არჩევნების წინაპირობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.