გია ვოლსკი - პოლიტიკურ ველზე შეიძლება ვიხილოთ მერაბიშვილი და კეზერაშვილი, რომლებიც დღეს ლევან ხაბეიშვილით შენიღბვას ცდილობენ, იქნება დესტაბილიზაციის, რევოლუციური სცენარის მცდელობები
პოლიტიკურ ველზე შეიძლება ვიხილოთ წინა პლანზე გამოსული ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი, რომლებიც დღეს ლევან ხაბეიშვილით შენიღბვას ცდილობენ. იქნება დესტაბილიზაციის, რევოლუციური სცენარის მცდელობები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის შეფასებით, არ შეიძლება, წარმატებული იყოს პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთადერთ მიზნად ისახავს ქვეყანაში დესტაბილიზაციას.
„ფაქტები, რომლებიც საზოგადოებამ „ნაცმოძრაობაში“ იხილა, მიუთითებს, რომ ამ გაერთიანებას თუ დაშლილ გაერთიანებას, არანაირი მისწრაფება არ აქვს, აღმშენებლობის თემაზე ილაპარაკოს ან ამ თემებზე შეჯიბრი და პოლემიკა გამართოს. ეს არის მავნებლური ძალა, რომელსაც შეუძლია, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რისი პერსპექტივაც, მგონი, არ არსებობს, ქვეყანას საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნას. პოლიტიკურ ველზე შეიძლება ვიხილოთ ახალი პოლიტიკური ფიგურანტები – წინა პლანზე გამოსული ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი, რომლებიც დღეს ლევან ხაბეიშვილით შენიღბვას ცდილობენ. იქნება დესტაბილიზაციის, რევოლუციური სცენარის განვითარების მცდელობები.
რასაკვირველია, კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაიშლებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის მიმართ ანტაგონისტურად არიან განწყობილნი და ლამობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებს სახელისუფლო სტრუქტურებისკენ გაუხსნან გზა. ქვეყნისთვის დამაზიანებელია გარემოება, რასაც ისინი პოლიტიკურ ველზე ქმნიან, არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია. ამ ადამიანების ხელში პოლიტიკური პარტია ვერ ჩამოყალიბდება და განვითარდება. ეს იქნება პოლიტიკური პარტიისგან განსხვავებული რევკომი – რევოლუციური კომიტეტი, რომლის ამოცანა იქნება, ხელისუფლებაში მოიყვანოს ადამიანები, ვინც ბიუჯეტი გაძარცვა, აწამა და სადისტურ მმართველობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. რასაკვირველია, ეს რეალობა „ნაციონალურ მოძრაობას“ დააკარგვინებს ავტორიტეტს, ამომრჩეველს და ნდობას საზოგადოების მხრიდან. ძალიან მახინჯია შეხედულება, როცა საუბარია პოლიტიკური ძალის გამარჯვებაზე ან დამარცხებაზე – საქართველოს აწყობს ისეთი მთავარი ოპოზიციური ძალა, რომელიც პოლიტიკური პარტიიდან რევოლუციურ კომიტეტად გარდაიქმნა? რასაკვირველია, არ აწყობს. რაც უფრო აშკარა გახდება „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის დაშლა, ეს იქნება არა „ქართული ოცნების“ უპირატესობა, არამედ საქართველოსთვის მომგებიანი. არ შეიძლება, არსებობდეს და წარმატებული იყოს პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთადერთ მიზნად ისახავს ქვეყანაში დესტაბილიზაციას და ხელისუფლებაში რევოლიციური გზით მოსვლას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.