გია ვოლსკი - პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება გააფთრებული შეტევა კონკრეტულ პირებზე, როცა სურათი ჯერ ნათელი არ არის, ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ
ზოგადად, ჩვენს საზოგადოებაში ოჯახის ტრაგედიით სარგებლობა მიღებულია. განვითარებულ დემოკრატიებში უბედურებები ხდება, მაგრამ ეს არ არის წინაპირობა, რომ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მეორეს ისე შეუტიოს, ამის საფუძველი არ ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდონ და არ უნდა შეუტიონ კონკრეტულ პირს მაშინ, როცა ჯერ ბრალეულობა დადგენილი არ არის.
„ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს და იკვებება იმ ვითარებით, რაც საქართველოში პერიოდულად იქმნება. ხან ხანძარია, ხან მეწყერია. სამწუხაროდ, ადამიანების სიცოცხლე გარკვეულ გარემოებებს ეწირება, მაგრამ ასეთი გააფთრებული შეტევა კონკრეტულ პირებზე მაშინ, როცა სურათი ჯერ აბსოლუტურად ნათელი არ არის, მხოლოდ პოლიტიკური მიზნების რეალიზებას ემსახურება. არ მინდა, პოლიტიკური ხაზები გავავლო და პროპორციები შევადარო, მაგრამ ზოგადად, ჩვენს საზოგადოებაში ოჯახის ტრაგედიით სარგებლობა მიღებულია. განვითარებულ დემოკრატიებში უბედურებები ხდება, მაგრამ ეს არ არის იმის წინაპირობა, რომ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მეორეს ისე შეუტიოს, ამის საფუძველი არ ჰქონდეს.
რასაკვირველია, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ და ვისი ბრალეულობაც არის, მერი იქნება თუ კონკრეტული შემსრულებელი, არავის არ უნდა ასცდეს პასუხისმგებლობა, მაგრამ რეალობაა ის, რომ როცა ადამიანი განზრახ მოკლეს, თავი იმართლეს იმით, რომ დენმა დაარტყაო. ეს შემთხვევა 26 მაისს მოხდა. მაშინ ადამიანი მოკლეს და თავს იმით იმართლებდნენ, რომ დენმა დაარტყა. თურმე ეს ნორმალური ამბავი ყოფილა. წინ დავაყენებდი მორალურ მხარეს, რომელიც ზოგიერთ პარტიას და სუბიექტს საერთოდ არ აქვს.
უნდა დადგინდეს მიზეზები და შემდეგ ვიმსჯელოთ, ვისი პასუხისმგებლობაა. იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ეთერებში ამ ყველაფერს სიცილ-კისკისით ყვებიან და აქციებზე საუბრობენ, ლექსო ლაშქარავას სურათით ინიავებდნენ, თურმე ცხელოდათ, უფლება არ აქვთ, მორალურად ილაპარაკონ, ვის უფრო სტკივა პატარა გოგოს გარდაცვალება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.