გია ვოლსკი - პირადი იყო, თუ ოფიციალური შეხვედრები, მოველოდით, რომ პრეზიდენტს ამ თემაზე მეტი ექნებოდა სალაპარაკო, ვიდრე სასაყვედურო, რომ ოფიციალურად არ გაუშვეს
როცა ამბობ, რომ ოპოზიცია ძირს უთხრის საქართველოს ინტერესებს, აკეთებს განცხადებებს, რაც არ შეესაბამება საქართველოში არსებულ რეალობას, მეორე მხრივ, არ უნდა თქვა, რომ საქართველოს არ აქვს გამოყენებული ის რესურსი, რომელიც შეუძლია, უკრაინის დასახმარებლად გამოიყენოს, ვინაიდან ჰელსინკის საბჭომ და ბევრმა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ თქვა, რომ აპლოდისმენტების ღირსია, საქართველო, რუსეთის მხრიდან ათასგზის პრობლემაშექმნილი, მაინც როგორ მყარად დგას თავის პოლიტიკურ პოზიციაზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტის წლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ვოლსკის განმარტებით, უნდა ნახონ, რის საფუძველზე გააკეთა ანალიზი ჰელსინკის საბჭომ, რომელიც კომპეტენტური ორგანიზაციაა.
ამავდროულად, ვოლსკი მიიჩნევს, რომ ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მხოლოდ სიფრთხილე კი არ უნდა დაარქვას მთავრობის პოზიციას, არამედ უნდა შეაფასოს, რამდენად რეალურია ამ სიფრთხილის დაუცველობით საქართველოსთვის პრობლემების შექმნა.
„საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებია ამ ერთობის თაობაზე, თუნდაც იმაზე, რა წერია საქართველოს გერბზე და რამდენად მნიშვნელოვანია ერთობა და ასე შემდეგ. მაგრამ არის ერთი თემა – მაგალითად, როდესაც ამბობ, რომ ოპოზიცია ძირს უთხრის საქართველოს ინტერესებს, აკეთებს განცხადებებს, რომელიც არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც საქართველოშია, მეორე მხრივ, არ უნდა თქვა, რომ საქართველოს არ აქვს გამოყენებული ის რესურსი, რომელიც მას შეუძლია, უკრაინის დასახმარებლად გამოიყენოს, ვინაიდან ჰელსინკის საბჭომაც კი და ბევრმა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ თქვა, რომ აპლოდისმენტების ღირსია ის პოზიცია – საქართველო, პატარა, ათასგზის პრობლემაშექმნილი რუსეთის მხრიდან, უამრავი გამოწვევა და მაინც როგორ მყარად დგას თავის პოლიტიკურ პოზიციაზე.
ასე რომ, თუ ეკონომიკური სანქციების თემას ჩვენ შესაბამის განმარტებებს ვაძლევთ, მანაც კეთილი უნდა ინებოს და თქვას, მხოლოდ სიფრთხილე კი არ უნდა დაარქვას იმას, რასაც მთავრობის პოზიცია ჰქვია, არამედ უნდა შეაფასოს, რამდენად რეალურია ამ სიფრთხილის დაუცველობით საქართველოსთვის პრობლემების შექმნა და ასე შემდეგ. სულ რომ არ ვიყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ადამიანმა უნდა გადახედოს, რის საფუძველზე გააკეთა ანალიზი მაგალითად ამ ჰელსინკის საბჭომ, კომპეტენტური ამერიკული ორგანიზაციაა, სამთავრობო, სახელისუფლო და შეფასებას აძლევს გარკვეული ანალიზის საფუძველზე. რა ბუნდოვან სიფრთხილეზე ვლაპარაკობთ? პირდაპირ გეუბნებით, ყოველგვარი გადჭარბების გარეშე, ამ ვითარებაში აბსოლუტურად მოსალოდნელია, მოსალოდნელი ის კი არაა, რომ საქართველოს მიმართ აგრესია იქნება, ბირთვული საფრთხეა მოსალოდნელი. რეგიონში ასეთი ჯახი ხდება, ადამიანების ამხელა მსხვერპლია და რასაკვირველია, ორივე მხარის მიმართ მარტო მოწოდოებები არ არის საკმარისი. აქ უფრო აუცილებელია სიღრმისეული ანალიზი და ამ დროის გამოყენება, მეტი დროის დამატება, რათა ისაუბრო საფრთხეებზე და საფრთხეების თავიდან აცილებაზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ მან 26 თებერვალს წერილობითი უარი მიიღო რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში სამუშაო ვიზიტების განხორციელებაზე, ვოლსკის თქმით, ახლა ის პერიოდია, როდესაც პირადი ინიციატივებით შეხვედრები არ უნდა დაგეგმო.
„კონსულტაციების გარკვეული აუცილებლობა არსებობს და არის მეორე საკითხი, არსებობს კონსტიტუცია და ამ კონსტიტუციით განსაზღვრული ვალდებულებები, რომელიც აქვს პრეზიდენტს. არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც რასაკვირველია, შეუძლია, პირადი შეხვედრები ჩაატაროს, ინფორმაცია ჩამოიტანოს, თუმცა ასეთი ინფორმაცია ჩვენ ნაკლებად ვიხილეთ. პირადი იყო, თუ ოფიციალური, მოველოდით, რომ ამ თემაზე უფრო მეტი ექნებოდა სალაპარაკო, ვიდრე სასაყვედურო, რომ იგი ოფიციალურად არ გაუშვეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.