გია ვოლსკი - პიკეტირება ნორმალურია, მაგრამ სახელმწიფო უწყებების ბლოკირება ყველა ქვეყანაში იკრძალება
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პიკეტირება ნორმალურია, მაგრამ სახელმწიფო უწყებების ბლოკირება ყველა ქვეყანაში იკრძალება.
ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი ოპოზიციის სამოქმედო გეგმასა და ხვალ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.
„ბიუროებთან მივარდნის პერიოდი იყო და შემეშინდა, რომ არათუ, სირცხვილის კორიდორი, არამედ რაღაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ მომხდარიყო იმ ადამიანების მისამართით, ვინც თავად სირცხვილის კორიდორში არის გამოსატარებელი. მათი მხრიდან შეძახილები და არასერიოზული განცხადებები კეთდება, რომ მათ რაღაც რესურსი გააჩნიათ, რითაც იმ ხალხს დაამუნათებენ, ვის მიმართაც ძალადობა აქვთ გამოჩენილი, ბევრი თანამოქალაქისთვის სიცოცხლეც აქვთ წართმეული, რაც ანომალიურია. პიკეტირება ნორმალურია, მაგრამ სახელმწიფო უწყებების ბლოკირება ყველა ქვეყანაში აკრძალულია. პარლამენტმა უნდა იმუშაოს და ისეთი კანონები მიიღოს, რაც მოქალაქეების ცხოვრებას ეხება. სამწუხაროდ, რაც ხდება, ჩვეულებრივი ამბავი არ არის, მაგრამ პატარა პრობლემაა იმასთან შედარებით, რაც შეიძლება სახელმწიფოს შეექმნას, თუ პარლამენტი გაჩერდება”, – განაცხადა ვოლსკიმ.