გია ვოლსკი - პიარკომპანია დაქირავებულია, რათა ადვოკატების, ოჯახის წევრების თუ მეგობრების აბდაუბდა განცხადებები, რომლებმაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი, ერთ კონკრეტულ ჩარჩოში მოექცეს
პიარკომპანია დაქირავებულია, რათა ადვოკატების, ოჯახის წევრების თუ მეგობრების განცხადებები, რომელმაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი, ერთ კონკრეტულ ჩარჩოში მოექცეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ლობისტურ კომპანიას სურს, რაც შეიძლება მეტი დაფინანსება მიიღოს.
ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, პიარული შეტევა ვერ განაპირობებს ცვლილებას სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
„ლობისტურ კომპანიას სურს, რაც შეიძლება ეფექტური იყოს, რაც შეიძლება მეტი დაფინანსება მიიღოს და, რასაკვირველია, შეუკვეთავენ კიდეც სტატიებს. იქნება მცდელობა, მსოფლიოში საზოგადოებას მოსაზრება შეუქმნან, რომ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, როგორც პატიმრის, უფლებები ირღვევა. პოლიტიკურ წრეებში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას დაიჯერებენ. გათვლა ხდება, რომ სააკაშვილისგან შექმნან ისეთი მექანიზმი, რომლითაც საქართველოს შიგნით, პოლიტიკურ ასპარეზზე იბრძოლებენ. ვფიქრობ, რეალურად, სააკაშვილის ჯანმრთელობა ძალიან ცოტა ადამიანს შეიძლება აღელვებს. სააკაშვილი კარგია მაშინ, როცა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მისი მდგომარეობა შეიძლება გამოყენებული იყოს პიარულად. ოპონენტებს არანაირი სამართლებრივი ან სამედიცინო თვალსაზრისით დასაბუთებული პოზიცია არ გააჩნიათ და ამიტომ ქირაობენ პიარულ კომპანიას, რომელმაც უნდა შეცვალოს საზოგადოებრივი აზრი. რასაკვირველია, პიარული შემოტევა ვერ განაპირობებს ცვლილებას სასამართლოს გადაწყვეტილებაში. დამოკიდებულება პოლიტიკურ სივრცეში რომც შეცვალოს, მთავარი არ არის. მთავარია, როგორი იქნება სამართლებრივი რეალობა, გადმოკვეთა თუ არა საზღვარი. ყველამ იცის, რომ საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა, დაარღვია კანონი და ამის გარდა, უამრავი დანაშაული ჩაიდინა, რაც სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს დადასტურებული. ამას ვერანაირი პიარი ვერ შეცვლის. პაირკომპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ფინანსები მიიღონ იმ შეკვეთიდან, რაც საკმაოდ ფულიანმა ხალხმა დაუკვეთა და კონკრეტული ამოცანები დაუსახა. პიარკომპანია დაქირავებულია, რომ ჭკუანაკლული ადვოკატების, ასევე ოჯახის წევრების თუ მეგობრების აბდაუბდა განცხადებები, რომლებმაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა „ნაცმოძრაობა“ და პერსონალურად სააკაშვილი, ერთ კონკრეტულ ჩარჩოში მოექცეს.
სააკაშვილი უკრაინიდან იმის რწმენით გამოიტყუეს, რომ რევოლუციას მოახდენდა. მუდმივად უჩიჩინებდნენ, რომ არის აღმოსავლეთის ლიდერი, ჯორჯ ვაშინგტონი და რეალურად აქვს რესურსი, რომ საქართველოში ხელისუფლება ამოატრიალოს. ამის შემდეგ მუდმივად უჩიჩინებდნენ, რომ მისი თვითდაზიანება აუცილებელი იყო ამ ბრძოლისთვის დ შიმშილობაზე უარს თუ იტყვის, ეს იქნება დიდი იდეის, „ნაცმოძრაობის“ იდეის ღალატი. ამ ყველაფრის შემდეგ თავისივე პარტიის წევრებმა ჭკუანაკლულად გამოაცხადეს. ახლა პიარისთვის გაუგებარ განცხადებებს აკეთებენ. პიარკომპანიის დაქირავების იდეაც იქიდან გაჩნდა, რომ სწორედ მან წარმართოს საუბარი და არა იმ ადამიანებმა, რომელთაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით რა არის საჭირო. აბდაბუბდა საუბარი უნდა ჩაანაცვლოს კარგად დაფინანსებულმა პიარმა. ეს ალბათ იმ ჯგუფმა მოიფიქრა, რომელიც რეალურად მართავს სააკაშვილის გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალას“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ, პიარ-საკონსულტაციო კომპანია „გლობალ პოინტთან“, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით. გიული ალასანიამ „გლობალ პოინტთან“ თანამშრომლობა დაადასტურა და განაცხადა, რომ პიარკომპანიით პარტნიორებს უნდა მიეწოდოს სწორი ინფორმაცია სააკაშვილთან დაკავშირებით. გიული ალასანიას მიერ დაქირავებულმა ორგანიზაციამ, „გლობალ ფოინთ ინთერნეიშენალმა“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პირველი სტატია უკვე გამოაქვეყნა.