გია ვოლსკი - პარლამენტში შემოჭრის მცდელობა ჩვენს თვალწინ ხდებოდა, ყველამ დავინახეთ და ამის უარყოფა შეუძლებელია
პარლამენტში შემოჭრის მცდელობა ჩვენს თვალწინ ხდებოდა, რაც ყველამ დავინახეთ და ამის უარყოფა შეუძლებელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც გენერალური პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა.
ვოლსკის თქმით, სამართლიანი და ფართომასშტაბიანი, დეტალური გამოძიება სახელმწიფოში მართლწესრიგისა და სტაბილურობის გარანტია.
„გამოძიების საკითხებში პოლიტიკური განცხადებებით შეჭრა დამაზიანებელია ქვეყნისთვის. გამოძიება, ისევე როგორც სასამართლო პროცესი, მაქსიმალურად გამჭვირვალე და ობიექტური უნდა იყოს, რის შემდეგაც შეიძლება განცხადებები.
რაც შეეხება ამბოხის მცდელობას, პარლამენტში შემოჭრის მცდელობა ჩვენს თვალწინ მიმდინარეობდა. ეს ყველამ დავინახეთ და ამის უარყოფა შეუძლებელია. პირიქით რომ ვილაპარაკოთ, ეს ფაქტია, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა. რა ძალებით ხდებოდა, რამდენად ორგანიზებული იყო და ვინ ედგა ამას სათავეში, ეს გამოძიების კომპეტენციაა და არა, პოლიტიკური განცხადებების ავტორების”, – განაცხადა ვოლსკიმ.
უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ოპოზიციის მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ, თუნდაც არჩევნების თემასთან დაკავშირებით.
„არჩევნები ისაა, რაც სახელმწიფოში სტაბილურობის ფორმატს განსაზღვრავს. ამას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. თუ ჩვენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ვთავაზობთ, ეს არც დათმობას ნიშნავს და არც პოლიტიკური ფანდია. ეს აუცილებლობაა, რომელსაც 2014 წელს ვხედავდი, თუმცა დღევანდელი ვითარება გვკარნახობს, რომ პარლამენტში და მმართველობით სტრუქტურებში წარმოდგენილი უნდა იყოს საზოგადოების მთელი სპექტრი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშვიდობა არ იქნება. ამხელა გამოწვევების წინაშე მდგარ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა განვითარებისთვის. სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ოპონენტმა რაც არ უნდა ილაპარაკოს და ხმამაღალი განცხადებები აკეთოს, ამ საკითხს მარტო არც ბიძინა ივანიშვილი წყვეტს, არც ლოგიკა და რეალობა მიუთითებს იმაზე, რომ სხვა გზა კიდევ არსებობს“, – დასძინა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით გაგრძელდება.