გია ვოლსკი - ორი გზა აქვს ნიკა მელიას, თქვას, რომ განახლებული ენერგიით დაიწყებს მუშაობას, ან თქვას, მომიკაკვია თითი, მაჯობა ხაბეიშვილმა და გავდივარ პოლიტიკიდანო
ორი გზა აქვს ნიკა მელიას, ან თქვას, რომ განახლებული ენერგიით დაიწყებს მუშაობას, ან თქვას, რომ მომიკაკვია თითი, მაჯობა ხაბეიშვილმა და მე გავდივარ პოლიტიკიდანო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაზე, სადაც ნიკა მელია წერს, რომ განახლებული ენერგიით აპირებს მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისათვის.
„ორი გზა აქვს ნიკა მელიას, ან თქვას, რომ განახლებული ენერგიით დაიწყებს მუშაობას, ან თქვას, რომ მომიკაკვია თითი, მაჯობა ხაბეიშვილმა და მე გავდივარ პოლიტიკიდან. ასე რომ, განცხადებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები და იმედია, ერთხელ მაინც ვინმე იმ ფრთიდან, ვისაც ჰქვია რადიკალური ოპოზიცია, დაფიქრდება, რა სჭირდება საზოგადოებას და იქნებ რაიმე კონკრეტული პროგრამით მოაწონოს თავი საზოგადოებას და არა გულზე მჯიღის ცემით, რომ იგი უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია, ვიდრე ხაბეიშვილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, – მელიას არათანმიმდევრული ქმედებები მეტ რყევებს არ გამოიწვევს პარტიაში? – ვოლსკი პასუხობს, რომ ეს, მელიას მხრიდან, უფრო არის გაურკვევლობა გზაგასაყარზე, რომელი მიმართულება აიღოს.
„ვერ ვიტყოდი, რომ არათანმიმდევრული ნაბიჯებია, მე უფრო ვფიქრობ, რომ ეს არის გაურკვევლობა, ამ გზაგასაყარზე რომელი მიმართულება აიღოს. ყველა პოლიტიკურ პარტიას, იქნება ნიკა მელიასი თუ იქნება სხვისი, ხაბეიშვილისთვის რჩევის მიცემას უკვე აზრი აღარ აქვს, არც ჰქონდა პრინციპში, მთავარი თემა, მინდა, შევახსენო ყველას, უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც და ჩემს თავსაც: მთავარი არის, რომ საზოგადოების მოთხოვნაა, ჰქონდეს უკეთესი უსაფრთხოების პირობები, საგარეო და საშინაო პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა, ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა. ამ მიმართულებით არის საჭირო კონკრეტული ხედვის და გეგმის ჩამოყალიბება და არა ხეპრული როყიო განცხადებების კეთება. სამომავლოდ რომელიმე პარტია თუ გადაწყვეტს, რომ იაროს ამ გზით, მელია ჩაუდგება მას სათავეში თუ ნებისმიერი სხვა, გაცილებით მეტი წარმატება ექნება იმის მიუხედავად, რა სათაურს და სახელს დაირქმევენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.