გია ვოლსკი - ოპოზიციური პარტიები ოღონდ პარლამენტში მოხვდნენ და ყველანაირ კოალიციაზე თანახმა არიან
ოპოზიციურ პარტიებს პროდასავლურობაზე აქვთ პრეტენზია და პრორუსულობის საკითხი საერთოდ დაავიწყდათ, ოღონდ, პარლამენტში მოხვდნენ და ყველანაირ კოალიციასა და შეთანხმებაზე თანახმა არიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე შეთანხმების შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა.
ვოლსკის თქმით, მას არ მოსწონს შესაძლებლობა, რომ ოპოზიცია ერთიან კანდიდატს შეარჩევს, რადგან მისი შეფასებით, საზოგადოებას ოპოზიცია ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმებიდან მოძღვრავს.
„პროპორციული სისტემის შეთავაზების შემდეგ წინ დესტრუქცია წამოვიდა. მათ შორის არის პარტიებს შორის განსხვავებულობის თემა, რომლებმაც შეიძლება, ერთობა საერთოდ ვერ შექმნან ან თუ შექმნიან, ეს იქნება ძალიან მყიფე. თუ ისინი ნებისმიერი გაერთიანებული ძალებით საერთო კანდიდატს დააყენებენ, ეს უკვე კონსტრუქციულია. ვიომოთ საარჩევნო ველზე. ვკითხოთ საზოგადოებას, ხალხს თავისი პოზიცია საარჩევნო ყუთებთან გამოვახატინოთ. არ მომწონს იმის შესაძლებლობა, რომ ისინი ერთიან კანდიდატს შეარჩევენ, რადგან ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმებიდან გვმოძღვრავენ, ე.ი. ცრუობენ. რა კონიუნქტურითაც და შემადგენლობითაც სურთ, გამოვიდნენ პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზზე და იქ იომონ და არა პიკეტირება მოაწყონ საკანონმდებლო ორგანოსთან, რომელსაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვთს მისაღები“, – განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა.
ამასთან, ვოლსკის თქმით, მეორე საკითხია აქვს თუ არა ოპოზიციას გამარჯვების შანსი.
„მთავარია, საარჩევნო პროგრამა, გაკეთებული საქმე და ამის შემდეგ ავწონოთ, ვის რა შესაძლებლობა აქვს. პროექტები, რაც განხორციელდა და, რაც უნდა გაკეთდეს, მთავარი მიზეზია, თუ რატომ არ უნდა ოპოზიციას არჩევნების ჩატარება და ქადაგებენ რევოლუციას. თვალსაჩინო განსხვავებაა იმას შორის, რასაც აკეთებდნენ და რაც კეთდება. საკმარისი პრობლემა გვაქვს, ეს რეალურია განსხვავებაა და ამ განსხვავებით წარმატება „ქართულ ოცნებას“ ექნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციაში ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე კოორდინაცია და შეთანხმება მიმდინარეობს.