გია ვოლსკი - ოპოზიცია ხან ხელის მოწერის, ხან განცხადებების ე.წ. ივენთებს აწყობს, თითქოს ხელისუფლების სათავეში უკვე მოსული არიან
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ძალოვანი უწყებების რეფორმის თაობაზე გაფორმებული შეთანხმება, პროპაგანდისტული ფანდია.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ოპოზიციური პარტიები საკუთარი პარტიული ორგანიზაციების ზედაპირზე შენარჩუნებას ცდილობენ.
„ვიღაცამ ირონიულად თქვა, რად უნდათ მემორანდუმი, სიტყვა თქვან, ეს ხომ ის ხალხია, სიტყვას არასდროს რომ არ არღვევს და ფურცელზე ხელმოწერა რა საჭიროაო. ეს ხუმრობაა, მაგრამ რეალობაა ის, რაც უნდა გავაანალიზოთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი პარტიული ორგანიზაციების ზედაპირზე შენარჩუნებას ცდილობენ. აქედან გამომდინარე, ხშირად, ე.წ. ივენთებს აწყობენ ხელის მოწერის, ხან განცხადებების და თითქოს, ხელისუფლების სათავეში უკვე მოსულები არიან. რასაკვირველია, ეს ტრიუკი, პროპაგანდისტული ფანდია და ამ ყველაფერზე საზოგადოებას საკმაოდ მკაფიო სურათი აქვს. არ მგონია, ვინმე შეაცდინონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.