გია ვოლსკი - ოპოზიციის ბოიკოტი არის საკუთარი ამომრჩევლისა და ქვეყნის მიმართ უპატივცემულობა
გია ვოლსკი - ოპოზიციის ბოიკოტი არის საკუთარი ამომრჩევლისა და ქვეყნის მიმართ უპატივცემულობა

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიერ მეორე ტურისთვის ბოიკოტის გამოცხადება საკუთარი ამომრჩევლისა და ქვეყნის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებაა.

„მთელი ოპოზიციის გუნდი, რომელიც შემოკრებილია „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ორიენტირებულია იმაზე, როგორმე შექმნას გაცილებით რთული სიტუაცია, ვიდრე ჩვენს ქვეყანას და არა მარტო – მსოფლიოს ახასიათებს.

ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც იგი გამოხატავს არა მარტო იმ საზოგადოების მიმართ, უმრავლესობის მიმართ, რომელიც მათ მხარს არ უჭერს, არამედ თავისი მხარდამჭერების მიმართ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მოლაპარაკებებს, ვოლსკი ამბობს, რომ არც მმართველი გუნდი აპირებს დათმობას პოზიციის, რომელიც საზოგადოების აზრს გამოხატავს.

„არც ჩვენ ვაპირებთ დათმობას არა ჩვენი პოზიციის, არამედ საზოგადოების პოზიციის. არ შეიძლება, უღალატო ადამიანებს, რომლებიც აქ დგანან და მიდიან ხმის მისაცემად. ზუსტად იციან, სად არის სიმართლე და რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ვინც დღეს ამაში კარგად ვერ არის გარკვეული, იმის წინაშეც ჩვენ გარკვეული ვალდებულებები უნდა გვქონდეს. თუ პოლიტიკურ სასწორზე დავდებთ ერთი მხრივ იმ უხერხულობას, რომელიც მართლა შექმნილია, მეორე მხრივ კი ქვეყნის წარმატებას და სტაბილურობას, მე არ მგონია, რომ დიდი არჩევანი გვქონდეს“, – განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გია ვოლსკიმ, რომელმაც საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა და აღნიშნა, რომ სტაბილურობას მისცა ხმა.

„მხარი დავუჭირე სტაბილურობას. პოლიტიკურ ასპარეზზე სიწყნარე არ არის. ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიცია მართებულია და დაფუძნებულია იმაზე, რა ინტერესებიც გააჩნია ჩვენს საზოგადოებას, რომელიც დღეს მოდის და ხმას გვაძლევს. არა მხოლოდ მათი ინტერესია, იმათიც, ვინც სხვა პოლიტიკურ პარტიებს აძლევს ხმას. ჩვენი პარტიის, ჩვენი გუნდის, ყველას მიმართ პასუხისმგებლობა ერთნაირია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.