გია ვოლსკი აცხადებს, რომ არჩევნების თემაზე ოპოზიციასთან ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ უფრო მეტი იქნება სასაუბრო
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი არ საუბრობს, ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე, ექნება თუ არა მმართველ გუნდს ოპოზიციის მიმართ საარჩევნო სისტემაზე კონკრეტული შეთავაზება.
ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ უფრო მეტი იქნება სასაუბრო.
„პაკეტის შესახებ წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ამაზე მსჯელობა გვექნება. კომპრომისებზე წასვლა და ვითარების სტაბილიზაცია ჩვენი პარტნიორების მოთხოვნა იქედან გამომდინარეა, რაც საზოგადოებას აქვს, რომელსაც სტაბილურობა სჭირდება და დესტაბილიზაციის ორგანიზატორების უპირატესობა არ გამოიკვეთება ამ ვითარებაში.
პარტნიორებმა ჩვენს ოპონენტებსაც მოსთხოვეს და უთხრეს იქედან გამომდინარე, რაც სჭირდება საზოგადოებას. ეს არ არის პარტნიორი ქვეყნების ამოჩემება, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა ორივე ძალის მიმართ. მათ შორის, იმ 30 პარტიის მიმართ, სადაც ზოგი პარტიაა და ზოგი პოლიტიკური ინდმეწარმე, მაგრამ ეს ძალები არსებობენ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საკითხები მაგიდასთან წყდებოდეს და არა – ქუჩაში. წინასწარ რაიმე პაკეტზე საუბარი დღეს არ მოხდება. უფრო მეტსაც გეტყვით, შეხვედრის წინაც არაფერი მოხდება, მხოლოდ შეხვედრის შემდეგ იქნება”, – განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მორიგი შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი.