გია ვოლსკი - ოპოზიციას ყველა ქვეყანაში აქვს სტრატეგია და ამას მიჰყვება, საქართველოში ეს რატომღაც გადაიქცა დესტრუქციის სტრატეგიად
ოპოზიციას ყველა ქვეყანაში აქვს თავისი გარკვეული სტრატეგია და ამ სტრატეგიას მიჰყვება, საქართველოში ეს რატომღაც გადაიქცა დესტრუქციის სტრატეგიად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ცვლილებების მასშტაბები, რომელსაც ოპოზიცია ითხოვს, არც შინაარსობრივი და არც ორგანიზებული თვალსაზრისით არ არის ადეკვატური.
„მიმაჩნია, რომ ერთადერთი მიზანი ოპოზიციისა არის ხმაურის შექმნა იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელზეც ჩვენ საკმაოდ ვრცელი და ინტენსიური მსჯელობა გვქონდა მათ შორის საზოგადოებაში საკონსტიტუციო ნორმების განხილვისას”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კითხვაზე, რა პოზიცია აქვს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის მოთხოვნაზე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი არსად ჩანს, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პოზიცია ჩამოყალიბებულია.
„გამოჩენა არგამოჩენასთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ ხშირად ჩანს ტელევიზიით მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ აქამდე არც ჭკვიანური უთქვამს რამე და არც საქართველოსთვის სასარგებლო. გამოჩენის თემას თუ წინ წამოვწევთ შემიძლია გიპასუხოთ, რომ საკმაოდ ვრცელი იყო ამ საქმეებზე როგორც კომენტარები, ასევე განხილვის პროცესი და ბიძინა ივანიშვილიც საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.