გია ვოლსკი - ოპოზიციას უნდა, თავი გამარჯვებულად წარმოაჩინოს, თურმე ხელისუფლებას არ აწყობს არჩევნები, ხვალვე რომ იყოს არჩევნები, პერსპექტივა არ გააჩნიათ
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ არჩევნების თარიღის გადაწევას არ გამორიცხავს. ამის შესახებ გია ვოლსკიმ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„სამწუხაროდ, არც ამ თემამ ჩაიარა პოლიტიკური სპეკულაციებისა და ცრუპენტელობის გარეშე. ყველამ იცის, მათ შორის ოპოზიციამ და ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც გინდა გააჩერო ქუჩაში, გეტყვის, ეპიდემიის, ვირუსის გავრცელების შემთხვევაში რა ხდება ქვეყანაში, ცხადდება საგანგებო ვითარება, არათუ არჩევნები, ნებისმიერი სხვა აქტივობა იქნება გადადებული. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ასე მოხდეს. ოპოზიცია უბრალოდ სარგებლობს ამ რეალობით, რაც თვითონაც ძალიან კარგად იცის, უნდა, რომ თავი წარმოაჩინოს უკვე გამარჯვებულად და ხელისუფლებას არ აწყობს თურმე არჩევნების ჩატარება. ხვალვე რომ იყოს არჩევნები, ან თუნდაც ოქტომბერში, პერსპექტივა არ გააჩნიათ, მაგრამ ეს პოლიტიკური ნაწილია. რეალობაში ჩვენ უარესისთვის უნდა ვემზადოთ და უკეთეს შედეგს მივიღებთ, როგორც ეს დღემდე მოხდა. რომ არა საგანგებო ღონისძიებები, რომ არა უარესის მოლოდინი, საქართველოს შედარებით კარგი მაჩვენებლები, რა საკვირველია, არ ექნებოდა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, არჩევნების თარიღის გადაწევას არ გამორიცხავს.
„არც მე არ გამოვრიცხავ და არც თქვენ გამორიცხოთ. კითხეთ ვისაც გინდათ, თუ ეპიდემია არის, შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება ან ნებისმიერი სხვა აქტივობა. ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ თუკი ვირუსის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, შეიძლება, არჩევნები არ ჩატარდეს ოქტომბერში, მაგრამ ჩატარდება, პირობითად, დეკემბერში.